გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს მასშტაბურ კიბერშეტევას ამერიკულ იურიდიულ ფირმებზე, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

როგორც ორმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს მასშტაბურ კიბერშეტევაზე, რომელიც ამერიკულ იურიდიულ ფირმებზე განხორციელდა. არსებობს ვარაუდი, რომ თავდასხმის უკან ჩინელი ჰაკერები დგანან.

ერთ-ერთი მთავარი სამიზნე  გახდა იურიდიული ფირმა Williams & Connolly, რომელიც ამერიკელ პოლიტიკოსებს ემსახურება, მათ შორის ბილ და ჰილარი კლინტონებს.

კლიენტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში კომპანიამ აღიარა, რომ ჰაკერებს წვდომა ჰქონდათ კომპიუტერული სისტემების ნაწილზე და გატეხეს ადვოკატების რამდენიმე ელფოსტა. კომპანიამ უკვე მიიღო ზომები საფრთხის აღმოსაფხვრელად.

„ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროების ცნობით, ჩინელმა ჰაკერებმა არამხოლოდ Williams & Connolly-ის კომპანიაზე განახორციელეს ჰაკერული თავდასხმა, არამედ საუბარია კიდევ ათეულობით იურიდიული და ტექნოლოგიური კომპანიის ქსელებზე ბოლო თვეების განმავლობაში.

კიბერკომპანია Mandiant-მა სექტემბერში განაცხადა, რომ ჩინელი ჰაკერები უკვე რამდენიმე წელია, აწარმოებენ კიბერჯაშუშობის კამპანიას, რომელიც მიმართულია სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაზე აშშ-ის იურიდიული, სამთავრობო და კომერციული სტრუქტურებიდან. კიბერკომპანიის ანგარიშში ნათქვამია, რომ შეტევების მიზანია მონაცემების მიღება, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან და საერთაშორისო ვაჭრობასთან.

1tv.ge