2026 წლის მაისში დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტია ქვეყანაში არალეგალურად მყოფი 750 000 მიგრანტის გაძევების პირობას დებს.

გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, პარტია პირობას დებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ნებართვის გარეშე შემოვლენ, სამუდამოდ აეკრძალებათ თავშესაფრის მოთხოვნა.

ასევე, იმ პირებს, ვისი თავშესაფრის მოთხოვნაც უარყოფილია, აღარ ექნებათ შესაძლებლობა სასამართლოში გაასაჩივრონ გადაწყვეტილება - საჩივრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები განიხილავენ.

გეგმის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის აღმასრულებელ განყოფილებას "გაძევების სამსახურის" სახელი დაერქმევა და უფრო ფართო უფლებამოსილებები მიენიჭება, დამატებით კი წელიწადში 820 მილიონი ფუტის დაფინანსება გამოეყოფა, რაც ამჟამინდელ დაფინანსებას ფაქტობრივად გააორმაგებს. პარტიის თქმით აღნიშნული ფინანსების გათავისუფლება თავშესაფრის მაძიებელთა სასტუმროების დახურვითაა შესაძლებელი.

პარტიის თქმით, ახალ უწყებას წელიწადში მინიმუმ 150,000 ადამიანის გაძევების "მანდატი" მიენიჭება, რაც ჯამში ხუთწლიანი საპარლამენტო ვადის განმავლობაში 750,000-ს მიაღწევს.

ეს რიცხვი ქვეყანაში ამჟამად არალეგალურად მცხოვრებ პირებს, მომავალში არალეგალურად ჩასულებს და ყველა უცხოელს მოიცავს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, რომელიც უმნიშვნელო საპარკინგე ან სიჩქარის გადამეტების ჯარიმაზე უფრო სერიოზულია.

tabula.ge