ფინეთის პოლიცია, გადაჭრილი წყალქვეშა კაბელის დაზიანების გამო, შვიდი მეზღვაურის მიმართ გამოძიებას აწარმოებს

სამშაბათს, 31 დეკემბერს, ფინეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ტანკერ Eagle S-ის შვიდი მეზღვაური ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროკაბელის გადაჭრაში ეჭვმიტანილად ცნო და მათ ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. „ამ სისხლის სამართლის საქმეში Eagle S-ის ეკიპაჟის შვიდ წევრს ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს მინიჭებული და მათზე ქვეყნის დატოვების აკრძალვა ვრცელდება“, - ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში. 25 დეკემბერს, წყალქვეშა კაბელი Estlink 2, რომლითაც ელექტროენერგია ფინეთიდან ესტონეთს მიეწოდებოდა, მოულოდნელად ქსელიდან გაითიშა. ამ ამბამდე ერთი თვით ადრე, ორი სატელეკომუნიკაციო კაბელი გაწყდა შვედეთის ტერიტორიულ წყლებში. ფინეთის ხელისუფლებამ „დივერსიაში“ ეჭვმიტანილად ნავთობის ტანკერი Eagle S-ი მიიჩნია, რომელიც რუსეთის პორტიდან იყო გამოსული.

გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ათობით კილომეტრის სიგრძის ნაკვალევი ზღვის ფსკერზე, მაგრამ გემის ღუზა ჯერ არ არის ნაპოვნი. კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი Eagle S ამჟამად ჰელსინკის აღმოსავლეთით 40 კილომეტრში (25 მილი), პორვოოშია გაჩერებული.

1tv.ge