ევროპული კომპანიების პირდაპირმა ზარალმა რუსულ ბაზარზე 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 100 მილიარდი ევრო შეადგინა. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Financial Times (FT) იტყობინება, რომელმაც გააანალიზა უმსხვილესი ევროპული კომპანიების განცხადებები ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში.

გამოცემის თანახმად, ამ პერიოდში 176 ევროპულ კომპანიას შეექმნა „აქტივების გაუფასურება, გაცვლითი კურსთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ერთჯერადი ხარჯები, რომლებიც გამოწვეული იყო მათი ბიზნესის რუსული სეგმენტის გაყიდვით, დახურვით ან შემცირებით“. ამავდროულად, ანალიზი არ ითვალისწინებს არაპირდაპირ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, როგორიცაა ენერგორესურსების და სხვა პროდუქტების გაზრდილი ღირებულება ომის შემდეგ და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გამო.

FT ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსული ბაზრის დატოვების შემდეგ ყველაზე მეტი ზარალი განიცადეს ნავთობისა და გაზის კომპანიებმა. ამგვარად, BP-ის, Shell-ისა და TotalEnergies-ის ერთობლივმა ზარალმა შეადგინა 40,6 მილიარდი ევრო, თუმცა ენერგეტიკული ფასების გლობალური ზრდის გამო, ჩამოთვლილ კორპორაციებს ფინანსური სირთულეები არ ჰქონიათ: გასულ წელს მათ დააფიქსირეს რეკორდული მთლიანი მოგება 95 მილიარდი ევრო. მრეწველობაში ჩართული კომპანიების შემთხვევაში, მათ შორის საავტომობილო ინდუსტრიაში, რუსეთის ფედერაციაში ზარალმა შეადგინა 13,6 მილიარდი ევრო, ხოლო ფინანსურმა კორპორაციებმა, კერძოდ ბანკებმა, დააფიქსირეს 17,5 მილიარდი ევროს დანაკარგი.

bpn.ge