სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გაუხარდება, თუ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია (ოდეკაბე) გადაწყვეტს, რომ სომხეთი კავშირიდან გარიცხოს.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სომხეთს მთავრობის საარჩევნო პროგრამაში მითითებულია, რომ ერევანი არ გეგმავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნებას ან მათთან თანამშრომლობის გააქტიურებას მომავალი 5 წლის განმავლობაში…

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მიმდინარეობს დისკუსიები, რაც ითვალისწინებს სომხეთის კავშირიდან გარიცხვას.. მოხარული ვიქნები, თუ ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ეს გაგვათავისუფლებს დილემისგან, დავტოვოთ თუ არა აღნიშნული ორგანიზაცია”, -განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთმა ოფიციალურად 2024 წლის თებერვალში შეაჩერა ურთიერთობები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, მათ შორის სამხედრო წვრთნები. ფაშინიანის თქმით, სომხეთის მიზანია იცხოვროს მშვიდობიანად რეგიონში, გარე ძალებზე დაყრდნობის გარეშე.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

„თუ სომხეთს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აღარ სურს ამ მნიშვნელოვანი რეგიონული უსაფრთხოების კავშირის წევრობა, მას შეუძლია თავისუფლად დატოვოს ორგანიზაცია“,- აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ოდეკაბე) შეიქმნა 1992 წელს, როგორც მთავრობათაშორისო სამხედრო ალიანსი. ორგანიზაციის ამჟამინდელი წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუტი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.