ჩინეთის დამოუკიდებელ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც ირანული ნავთობის მთავარი მყიდველები არიან, ბოლო კვირებში ნედლეულის სერიოზული დეფიციტი შეექმნათ,- მიზეზი რეგიონში ნავთობის მიწოდების მკვეთრი შემცირებაა.

მიწოდების ფაქტობრივ შეჩერებაში გადამწყვეტი როლი აშშ-ის მიერ დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ ითამაშა. ვაშინგტონის შეზღუდვების გამო, დატვირთული ირანული ტანკერები სპარსეთის ყურეში არიან დაბლოკილი, ცარიელი გემების ფლოტს კი ყურის გარეთ მოცდა უწევს.

ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, მალაის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, რომელიც აზიელი მყიდველებისთვის ნავთობის ერთ-ერთი მთავარი გადატვირთვის ცენტრია, ამჟამად დაახლოებით 40 მილიონი ბარელი ნავთობია. აქედან მხოლოდ დაახლოებით 4 მილიონი ბარელი, ანუ ორი სუპერტანკერის მოცულობის ნავთობი, არ არის გაყიდული.

Vortexa-ს ჩინეთის ბაზრის მთავარი ანალიტიკოსის, ემა ლის განცხადებით, არსებული ფასების პირობებში ირანული ნავთობის ღირებულებამ დონეს მიაღწია, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდიდან ყველაზე მაღალია.

მისივე შეფასებით, არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, ჩინეთის დამოუკიდებელ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ — ან ტრადიციულ ნედლი ნავთობის სახეობებზე დაბრუნდნენ, ან გადამუშავების მოცულობები შეამცირონ.