ლატვიის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ კასპარს პუდანსის რჩევაა, ლატვიელი ჯარისკაცები არ ჩაერთნენ ისეთ სამშვიდობო მისიაში, რომლის ფარგლებშიც მათ უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის არსებულ პოზიციებზე განათავსებენ.

ევროპელი მშვიდობისმყოფელების უკრაინაში განთავსების იდეა საერთაშორისო მედიაში ფართოდ მუსირებს, თუმცა, კონკრეტული გეგმა ჯერ არ არის შემოთავაზებული. ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე პუდანსმა თავშეკავება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რეალურია ასეთი ინიციატივის ხორცშესხმა.

ლატვიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ ასეთი დავალება მიეცემა, ის აუცილებლად შესრულდება. თუმცა საერთაშორისო ოპერაციების გამოცდილება აჩვენებს, რომ იმის დასადგენად, თუ რომელი ქვედანაყოფების გაგზავნაა საჭირო, მისიის დავალება ზუსტად უნდა იყოს გააზრებული და განსაზღვრული.

პუდანსი აღიარებს, რომ მისი რჩევა იქნებოდა, „ლატვიის ეროვნული თავდაცვის ძალებმა, როგორც უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის შუამავალმა, მონაწილეობა არ მიიღოს სამშვიდობო ოპერაციებში, თუ მას უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის არსებულ პოზიციებზე განათავსებენ“.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ („ახალი ერთობა“) გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარისკაცების შესაძლო გაგზავნაზე საუბარი ჯერ ადრეა. მისივე თქმით, თუ გადაწყვეტილება ნატო-ს ფარგლებში იქნება მიღებული, ამის გაკეთება უფრო ადვილია, მაგრამ სხვა ფორმატის შემთხვევაში, საჭირო გახდება იმის გარკვევა, თუ როგორი იქნება ლატვიელი ჯარისკაცების უსაფრთხოების გარანტიები და საბრძოლო მოქმედებებში მათი შესაძლო ჩართულობის წესები.

თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა („პროგრესისტები“) 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლატვიელი ჯარისკაცები მზად არიან „სხვადასხვა, ურთულესი მისიის შესასრულებლად და თავს ყველგან შესანიშნავ მეომრებად წარმოაჩენენ, როგორც ეს, მაგალითად, კოსოვოში მოხდა“.

უკრაინაში ლატვიელი ჯარისკაცების შესაძლო ყოფნის შესახებ საუბრის დაწყებამდე, საჭიროა სამი მანდატი – ამ საკითხზე უკრაინის თანხმობა, მოკავშირეებს შორის შეთანხმება მისიის პარამეტრებსა და ამოცანებზე და ბოლოს - ლატვიის მთავრობისა და სეიმის მიერ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის დამტკიცება.

ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და შვედეთი, ამჟამად განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინაში თავიანთი სამხედრო ძალების კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობას, მაშინ როცა პოლონეთმა, მაგალითად, უკვე განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში ნატო-ს უფრო ფართო ჩართულობაა საჭირო.

წყარო: 1tv.ge