ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს თქმით, იდეა, თითქოს, ევროპას შეუძლია შექმნას ცალკე სამხედრო ძალები ნატო-ს ჩასანაცვლებლად, „გეოპოლიტიკურად არარეალურია“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტრანსატლანტიკური ოჯახი ზოგჯერ დისფუნქციური ჩანს, განქორწინება მაინც არ არის მისაღები ვარიანტი. ჩვენ ამერიკელების ჩამნაცვლებელი არ გვყავს და არც გვჭირდება“, - განაცხადა შაკალიენემ ევროპული სტრატეგიის იალტის კონფერენციაზე.

„გეოპოლიტიკურად არარეალისტურია საუბარი იმის შესახებ, რომ ევროპას, ცალკე აღებულს, აქვს ისეთი სამხედრო პოტენციალი, რომელსაც ნატო-ს ჩანაცვლება შეუძლია. დღეს, კონკრეტულ სფეროებში ერთად მუშაობის უნარი განსაზღვრავს როგორც შედეგს, ასევე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას“, - განაცხადა მან.

ახლახანს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ნატო-ს ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ კონტინენტზე ამერიკული ჯარების „სამუდამოდ ყოფნის“ იმედი არ უნდა ჰქონდეთ და მათ თავდაცვისთვის მეტი თანხების გაღებისკენ მოუწოდა.

ჰეგსეთის ამ განცხადებამ ევროპაში ორმხრივი ან რეგიონული თავდაცვითი ალიანსების შექმნის შესახებ დისკუსიები გამოიწვია.

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იალტის ევროპული სტრატეგიის პანელზე გამართული დისკუსიის დროს, შაკალიენემ ხაზი გაუსვა, რომ ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნება კვლავ მნიშვნელოვანია და უკრაინისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის მიცემა დამოკიდებული იქნება ევროპის უნარზე, შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირები აშშ-სთან და ჩადოს ინვესტიციები კონტინენტის თავდაცვაში.

„ევროპის უნარი, განახორციელოს ინვესტიცია თავდაცვაში, განავითაროს თავდაცვის ინდუსტრია და ითანამშრომლოს უკრაინასთან - როგორც უწყვეტი მხარდაჭერის, ასევე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების კუთხით - განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად შეგვეძლება მისი დახმარება როგორც ახლა, ასევე მომავალში“, - განაცხადა ლატვიის თავდაცვისმინისტრმა.

ევროპული სტრატეგიის შესახებ იალტის კონფერენცია არის ლიდერთა საერთაშორისო ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც უკრაინაში 2004 წლიდან იმართება.

წყარო: 1tv.ge