ალტერნატიული სარკინიგზო მარშრუტის არსებობის შემთხვევაში, მოკლე მანძილზე ფრენების აკრძალვას ევროპელების 67% უჭერს მხარს - ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს (EEA) ანგარიშის თანახმად, მატარებლით მგზავრობა თითქმის ხუთჯერ უფრო „ეკოლოგიურად სუფთაა“, ვიდრე თვითმფრინავით მგზავრობა.

ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს საფრანგეთში და განიხილება ესპანეთში.

ამგვარად, საფრანგეთში პარიზიდან ბორდოსა და ლიონში საჰაერო გზით მგზავრობა არ შეიძლება. მგზავრები ალტერნატივად მაღალსიჩქარიან მატარებლებს იყენებენ. ასეთი მატარებლით მგზავრობის დრო დაახლოებით 2 საათია, რაც თვითმფრინავით მგზავრობაზე დაახლოებით ერთი საათით მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ რკინიგზის სადგურები, აეროპორტებისგან განსხვავებით, ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თვითმფრინავის წყალობით დროის დაზოგვა თითქმის შეუძლებელია.

ორივე ქვეყანაში აკრძალვის მომხრე მოსახლეობის რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე მოწინააღმდეგე. ესპანელების 63% და ფრანგების 56% მზადაა დამატებითი შეზღუდვების მხარდასაჭერადაც კი.

მონაცემები მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი კომპანია Hitachi Rail-ისთვის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვიდან იქნა მიღებული.