ევროპელებს უფრო მტკიცე და ძლიერი ევროკავშირი სურთ, - ამას აჩვენებს "ევრობარომეტრის" უახლესი კვლევის შედეგები.

რესპონდენტთა 67% ფიქრობს, რომ ევროკავშირი "სტაბილურობის კერაა მშფოთვარე სამყაროში".

ევროკავშირის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. გამოკითხულთა 83%-ი ამბობს, რომ კავშირმა გლობალურად უნდა მოახდინოს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია.

ევროპელების 79% მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას – ეს 2004 წლის შემდეგ დაფიქსირებული მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მოქალაქეებს სურთ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი დაიხარჯოს დასაქმებაზე, სოციალურ საკითხებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე (42%), განათლებაზე, მომზადებაზე, ახალგაზრდობაზე, კულტურასა და მედიაზე (36%) და თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე (35%).

"ევრობარომეტრი 104" ჩატარდა 2025 წლის 9 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში. ჯამში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 26,445 მოქალაქე. გამოკითხვები ასევე ჩატარდა ცხრა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყანაში (უკრაინის გარდა) და გაერთიანებულ სამეფოში.