ევროპარლამენტი ვიზების შეჩერების მექანიზმის რეფორმას განიხილავს. რეფორმის განხილვისას მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მსოფლიოს 61 ქვეყანაზე, ხოლო აქამდე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით, ძირითადად მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტარის განმარტებით, რეფორმის შემდეგ, ევროკავშირს შეეძლება, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს.
ნემეცმა განაცხადა, რომ მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უფრო არასტაბილურია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა უნდა რეაგირებდეს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებსა და პრობლემებზე.
„რეფორმის შემდეგ, პირველად ევროკავშირს შეეძლება უვიზო რეჟიმის შეჩერება, როდესაც ქვეყანა სერიოზულად დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
გარდა ამისა, რეფორმის მიხედვით, ევროკომისიას შეეძლება არა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, არამედ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის შეაჩეროს უვიზო რეჟიმი. მაგალითად, შესაძლოა, შეაჩერონ მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის, დიპლომატებისთვის ან სამხედრო პირებისთვის.
მატიაზ ნემეცის განცხადებით, როდესაც ქვეყნის მთავრობა არღვევს საერთაშორისო სამართალს და პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს, მისი მთავრობის წარმომადგენლებმა და დიპლომატებმა აღარ უნდა ისარგებლონ უვიზო რეჟიმით ევროპაში, თუმცა ნემეცის თქმით, მოსახლეობას არ უნდა ეხებოდეს მთავრობის ქმედებების შედეგები.
„მექანიზმმა უნდა იმოქმედოს, როგორც ინსტრუმენტმა, რომელიც მესამე ქვეყნებს ურჩევს არ შეასუსტონ საერთაშორისო და ჰუმანიტარული ღირებულებები, რომლებსაც ევროკავშირი იცავს“, – აღნიშნა ნემეცმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში ვიზების შეჩერების მექანიზმის რეფორმაზე კენჭისყრა 7 ოქტომბერს გაიმართება.