სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) განახლებული მონაცემებით, ევროპა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით შეიარაღების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა.

ანგარიშის თანახმად, 2021-2025 წლებში ევროპულმა სახელმწიფოებმა, 2016-2020 წლებთან შედარებით, იარაღის იმპორტი თითქმის გაასამმაგეს. აღნიშნული ზრდის ძირითადი დანიშნულება რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის შეიარაღებით მომარაგება იყო. თუმცა, ამასთან ერთად, შეიარაღების იმპორტის ზრდის დიდი ნაწილი საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზეც მოდიოდა.

SIPRI-ის შეიარაღების ტრანზიტის პროგრამის დირექტორის, მეთიუ ჯორჯის განმარტებით, ევროპაში იარაღის იმპორტის მკვეთრმა ზრდამ შეიარაღების გლობალური ტრანსფერი 10%-ით გაზარდა.

ანგარიშის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იარაღის გლობალური იმპორტის 33% სწორედ ევროპაზე მოდიოდა, წინა ხუთი წლის მაჩვენებელი კი 12% იყო.

საინტერესოა, რომ ადგილობრივი წარმოების ზრდასთან ერთად, ევროპელი მყიდველებისთვის ყველაზე მოთხოვნადი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იყო.

შედარებისათვის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიარაღების იმპორტი ახლო აღმოსავლეთში 13%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური შემსყიდველები საუდის არაბეთი და კატარი იყვნენ.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რეგიონული შეიარაღებული კონფლიქტი მომდევნო თვეების განმავლობაში იარაღის შესყიდვის შეკვეთებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამას პროგნოზირებს SIPRI-ის უფროსი მკვლევარი პიტერ ვეზმანიც. „თავდაპირველად შეუკვეთენ იმას, რაც უკვე გამოიყენეს, შემდეგ კი ისეთი შეიარაღების შესყიდვას შეეცდებიან, რომელიც მომავალში უკეთ დაიცავთ“, – განაცხადა ვეზმანმა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებზე.

რაც შეეხება საექსპორტო მაჩვენებლებს, აქ დომინანტი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია. მეტიც, აშშ-მა საკუთარი წილი იარაღის გლობალურ ექსპორტში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 36%-დან 42%-მდე გაზარდა. მეორე ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური ექსპორტიორი საფრანგეთია (9.8%), რუსეთის წილი კი უკრაინაში შეჭრის შემდეგ 21%-დან 6.8%-მდე შემცირდა.

წყარო: forbes.ge