ევროკომისია თანახმაა, უკრაინიდან მზესუმზირას ზეთის იმპორტიც აკრძალოს, თუმცა ამ პროდუქტის ტრანზიტი ნებადართული იქნება. პოლონური RMF FM-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთი არ იტყვის უარს უკრაინული იმპორტის ცალმხრივ ბლოკადაზე, ვიდრე ოფიციალური ვარშავის მიერ წამოყენებული პირობები არ შესრულდება.

„არ ვაპირებთ მიღებული ზომების გაუქმებას, თუ არ მივიღებთ შესაბამის ინსტრუმენტებს, რომლითაც გარანტირებული იქნება ის, რომ პოლონელი ფერმერი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, როდესაც საუბარი ეხება ვაჭრობას და უკრაინიდან პოლონეთში საქონლის იმპორტს“, - განაცხადა ტელუსმა.

გასულ კვირაში ევროკომისიამ ბულგარეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის მოხსნის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 100 მილიონი ევრო შესთავაზა. გარდა ამისა, ევროკომისია თანახმაა, ივნისამდე უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირას თესლის იმპორტი აკრძალოს. ამ წინადადების შემდეგ 5 ევროპული ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა პროდუქტების ჩამონათვალის გაფართოება მოითხოვეს.

imedinews.ge