ევროკომისია სერბეთისთვის 1,5 მილიარდი ევროს დაფინანსების შეჩერებას გეგმავს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ბრიუსელში შეშფოთებული არიან სერბეთში დემოკრატიული უკუსვლით და ბელგრადის მოსკოვთან დაახლოებით.
როგორც ცნობილია, სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა და ევროკომისიისგან სხვადასხვა რეფორმის გასატარებლად გრანტებსა და კრედიტებს იღებს.
„ჩვენ მზარდი შეშფოთება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რაც სერბეთში ხდება – იმ კანონებით დაწყებული, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლოს დამოუკიდებლობას, ასევე დემონსტრანტების დევნით და დამოუკიდებელ მედიაში ჩარევით“, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა.
მარტა კოსის თქმით, ამჟამად ბრიუსელში სწავლობენ, ასრულებს თუ არა სერბეთი კვლავ იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირისგან დაფინანსების მისაღებად.
ევროკომისარი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას სერბეთის პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნის ახალ წესს ადგენს. მარტა კოსის შეფასებით, ეს ცვლილებები „სერიოზული უკუსვლაა“ სერბეთისთვის. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის შეფასება თვის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.
მარტა კოსი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ სერბეთის საგარეო პოლიტიკური კურსი თანხვედრაში მოვა ევროკავშირის პოზიციებთან.
ამასთან, ევროკავშირში სერბეთის ელჩის, დანიელ აპოსტოლოვიჩის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და სერბეთი უარს არ ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მისი თქმით, ბელგრადი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან.
„პოლიტიკოს“ ცნობით, სერბეთმა 2000 წლის შემდეგ ქვეყანაში რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირისგან 7 მილიარდ ევროზე მეტი დაფინანსება მიიღო.