ევროკომისია ევროკავშირს იარაღის ინდუსტრიის გაძლიერების გზებს შესთავაზებს, რათა მან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ომის ეკონომიკის რეჟიმში გადასვლა შეძლოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი წარადგენს წინადადებებს იმისთვის, რომ წაახალისოს ევროკავშირის ქვეყნები, მეტი იარაღი შეისყიდონ ევროპული კომპანიებისგან და ასეთ ფირმებს წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარონ.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ პარადიგმა და გადავიდეთ ომის ეკონომიკის რეჟიმში. ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპის თავდაცვის ინდუსტრია მეტ რისკზე უნდა წავიდეს ჩვენი მხარდაჭერით", - განაცხადა ბრეტონმა პაკეტის წინასწარი განხილვისას.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების შესაძლებლობა, რომელიც ნატო-ს მიმართ ვაშინგტონის ვალდებულებას ეჭვქვეშ აყენებს, ნიშნავს, რომ ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი თავის დასაცავად.

„არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იმისგან დამოუკიდებლად რა იქნება ჩვენი მოკავშირეების არჩევნების შედეგები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ“, - აღნიშნა ტიერი ბრეტონმა.

ბრეტონის წინადადებები მოიცავს აშშ-ის საგარეო სამხედრო გაყიდვების სქემის ევროპული ვერსიის შექმნას, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები სხვა მთავრობებს ამერიკული კომპანიებისგან იარაღის შეძენაში ეხმარება. კიდევ ერთი წინადადება საშუალებას მისცემს ევროკავშირს აიძულოს იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანიები, კრიზისის დროს პრიორიტეტი ევროპულ შეკვეთებს მიანიჭონ. იმისთვის, რომ წინადადებები რეალობად იქცეს, ის ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. წინადადებებს ასევე ყურადღებით შეისწავლის ნატო, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება ევროკავშირის ძალისხმევას ევროპის თავდაცვის ხელშეწყობისთვის, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მათ არ უნდა მოახდინონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მუშაობის დუბლირება და არ უნდა შეეწინააღმდეგონ მას.