ევროკავშირში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით კომპრომისს „მაქსიმალურად მიუახლოვდნენ“ - ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის თანახმად, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ დადებით გადაწყვეტილებას „მაქსიმალურად მიუახლოვდნენ“.
ევროკომისიის წინადადება სამ ზომას ითვალისწინებს:
- 5 ივნისამდე უკრაინიდან ხუთი პროდუქტის იმპორტის აკრძალვას: სიმინდის, ხორბლის, რაფსის თესლების, მზესუმზირის თესლებისა და ზეთის. ამავდროულად, უკრაინული პროდუქციის ტრანზიტი გაგრძელდება და ევროკომისია ამას ხელს შეუწყობს;
- 100 მილიონი ევრო გამოიყოფა კომპენსაციისთვის ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის, რომლებიცუკრაინული პროდუქციის იმპორტისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ. მათ შორის არიან პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. ეს დახმარების უკვე მეორე ტრანში იქნება. აქამდე 56 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია სამ ქვეყანას გადაეცა - პოლონეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს.
- მესამე ზომა ევროკავშირის შიდა ბაზარზე უკრაინიდან იმპორტირებული სხვა პროდუქციის შედეგად შექმნილი ვითარების გამოძიებას ითვალისწინებს. ასეთი რვა სახეობის პროდუქციაა, მათ შორის შაქარი, კვერცხი და თაფლი.
ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, მათ შორის ფინეთი და ლატვია უკრაინიდან იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგება.