ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეეძლებათ ორჯერ მეტი თანამედროვე იარაღი შეიძინონ უკრაინისგან, იგივე თანხის სანაცვლოდ, რამდენსაც საკუთარ ქვეყნებში SAFE მექანიზმის საშუალებით დახარჯავენ. თავის მხრივ, უკრაინა შეძლებს, იარაღის ერთობლივ შესყიდვებში მიიღოს მონაწილეობა.

ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (Suspilne) ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინელები, უფრო დაბალ ფასად, ძალიან კარგ იარაღს აწარმოებენ. ამიტომ, ეს იარაღი უკრაინის არმიისთვისაც იქნება გამოყენებული. დეტალურად ვერ გეტყვით, რა სახის იარაღზეა საუბარი, რადგან ეს წევრ სახელმწიფოებსა და უკრაინას შორის შეთანხმდება“, - განაცხადა ევროკომისარმა.

კუბილიუსმა ასევე განმარტა, რომ ამჟამად უკრაინას ევროკავშირის ამ მექანიზმში განსაკუთრებული სტატუსი გააჩნია. უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეათანხმონ, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ უკრაინის საჭიროებებზე.

რა არის ცნობილი SAFE-ის პროგრამის შესახებ

2025 წლის მარტში ევროკომისია SAFE-ის („ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა“, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ქმედებები ევროპისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“) მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. პროგრამა ითვალისწინებს სესხების გაცემას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებზე, მათ შორის უკრაინაზე, რათა მოხდეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ევროპული თავდაცვითი მრეწველობის განვითარება.

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია 910 მილიონ ევროს ჩადებდა ევროპის თავდაცვის ფონდში, რომელშიც შეიძლება უკრაინული თავდაცვითი კომპანიებიც ჩაერთვნენ. მაისის ბოლოს ევროკავშირმა ფონდის შექმნა დაამტკიცა.

SAFE-იარის ევროკავშირის ახალი ფინანსური ინსტრუმენტი, 150 მილიარდი ევროს ღირებულებით. მისი მიზანია ევროკავშირის შიგნით თავდაცვითი პროდუქტების, მათ შორის - საბრძოლო მასალის, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების - ერთობლივი წარმოების სტიმულირება.

სესხები გაიცემა გრძელვადიანი და ხელსაყრელი პირობებით. პროდუქციის წარმოებისას, კომპონენტების მინიმუმ 65% ევროკავშირის ქვეყნებში, უკრაინაში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში (EEA) შემავალ ქვეყნებში (ისლანდია, ლიხტენშტაინიმ ნორვეგია, შვეიცარია) ან ევროპის ეკონომიკური ზონის (EFTA) ქვეყნებში უნდა იყოს დამზადებული. გათვალისწინებულია მესამე ქვეყნების შეზღუდული მონაწილეობაც შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე, თუ ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობასა და უკრაინის მხარდაჭერას.

წყარო: 1 არხი