ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს ახალი სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევათა მაჩვენებელი 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ევროპული სააგენტოს თანახმად, სტატისტიკის ცვლილება არაერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის სახელდება ევროკავშირის განახლებული სავიზო პოლიტიკა და ტუნისისა და ლიბიის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რომლებიც ეხმარებიან ევროპულ სახელმწიფოებს სანაპირო საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევათა აღმოფხვრაში.
მეორე მხრივ, „ფრონტექსის“ მონაცემები ცხადყოფს, რომ სტატისტიკის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო დასავლეთ ბალკანეთისა და ხმელთაშუაზღვისპირა სახელმწიფოების საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებამაც, რამაც ამ მიმართულებებზე მიგრანტთა რაოდენობა ერთ წელიწადში მკვეთრად, თითქმის 78%-ით შეამცირა.
„ვფიქრობ, ბევრი მიზეზი არსებობს. ალბათ, ეს არის ევროკავშირის ძალისხმევის შედეგიც, რომელმაც იმუშავა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, შეემუშავებინათ ევრობლოკის შესაბამისი სავიზო პოლიტიკა“, – თქვა ვიტ ნოვოტნიმ, მკვლევარმა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროპული კონტინენტის ერთ ნაწილში საზღვრის უკანონოდ კვეთის შემთხვევების შემცირებამ, წნეხი გაზარდა ევროპის სხვა სახელმწიფოებში. მაგალითად, ამ მხრივ, სტატისტიკა მზარდია ესპანეთში, კანარის კუნძულებთან. ასევე, შედარებით რთულია ვითარება ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებთან, სადაც თითქმის სამჯერ გაიზარდა მიგრანტთა რაოდენობა. ამ მხრივ კი მკვლევრები ნაწილობრივ ბელარუსსა და რუსეთს ადანაშაულებენ, რომელთა ხელისუფლებებმაც მიგრანტები ევროკავშირის საზღვრებთან, მაგალითად, პოლონეთის ტერიტორიასთან, ხელოვნური დესტაბილიზაციის მოსაწყობად მიზანმიმართულად გამოიყენა. 2024 წლის დეკემბერში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ვარშავის მტრები მიგრაციას ეგრეთწოდებულ „შეიარაღებულ“ ტაქტიკად იყენებენ.
„ასეთი პოლიტიკის შედეგად, არალეგალ მიგრანტთა ნაკადები არ გაქრება, თუმცა, მათი მიმართულება შეიცვლება. ამ გზით, საზღვრებთან მონიტორინგის სისტემის გაძლიერება ან კონკრეტულ მარშრუტებზე შემაკავებელი მეთოდების გამოყენება ხელს შეუწყობს მიგრანტთა გადაადგილების მარშრუტის ცვლილებას“, – თქვა მიგრაციის პოლიტიკის ცენტრის მკვლევარმა ელეონორა მილაცომ.
სტატისტიკურ მონაცემებს შორის მკვლევრები არაერთ მნიშვნელოვან გარემოებას უსვამენ ხაზს და სვამენ კითხვას – რამდენია აღრიცხულ მიგრანტთა შორის ისეთი, ვისაც საზღვრის უკანონოდ კვეთა მწვავე ეკონომიკური პრობლემების გამო მოუწია.
„არაერთი წინაღობის მიუხედავად, რამდენია სინამდვილეში ისეთი პირი, რომელსაც უწევს სხვადასხვა საფრთხისგან, მათ შორის ომისგან თავის დაცვა? რამდენია ამ სტატისტიკის მიღმა ისეთი, ვინც კანონიერად მოითხოვს თავშესაფარს ევროპაში? ამ რიცხვებს მიღმა რამდენია ისეთი, ვინც გზად ევროპისკენ დაიღუპა?“ – განაცხადა ექსპერტმა სერხიო კარერმა.
მიგრაციის ცვალებადი რიცხვების მიუხედავად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ის მაინც რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. გაეროს მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს, ხმელთაშუა ზღვის კვეთის მცდელობისას, 2 300-ზე მეტი პირი უგზოუკვლოდ დაკარგულად ან დაღუპულად მიიჩნევა. უსაფრთხოების, შედარებითი პოლიტიკური სტაბილურობისა და უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის მოსახლეობისთვის ევრობლოკის წევრი ქვეყნები მიგრაციისთვის მთავარ მიმართულებად სახელდება. ამიტომ, უკეთესი ცხოვრების იმედად, მიგრანტები უმეტეს შემთხვევაში საფრთხისშემცველ და უკანონო გზებსაც მიმართავენ.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია