2010 წლიდან დღემდე, უძრავი ქონების და ბინის ქირის ფასები ესტონეთში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
ევროსტატის მონაცემებით ესტონეთში ბინის ქირის ფასი ბოლო 13 წლის განმავლობაში 212%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირში. მეორე ადგილზეა ლიეტუვა, სადაც, ანალოგიურ პერიოდში, ქირავნობის ფასი 165%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ფასები დაეცა, არის საბერძნეთი, სადაც ბინის ქირის ფასი 22%-ით შემცირდა.
2010 წლის შემდეგ, საცხოვრებლის ქირავნობის ფასები ფინეთში თითქმის 30%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ევროკავშირში ფასების საშუალო ზრდა ამ სეგმენტში დაახლოებით 20%-ით იყო.
ქირავნობის ფასების შემცირება ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. ასევე აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ფასების ზრდამ, გასულ წელთან შედარებით, თანდათან შენელება დაიწყო.
ევროკავშირში უძრავი ქონების ფასების საშუალო ზრდამ, ბოლო 13 წლის განმავლობაში, თითქმის 50% შეადგინა. თუმცა, ამავე პერიოდში, უძრავი ქონების ფასები ესტონეთში გაორმაგდა. უნგრეთში ის ახლა 1,8-ჯერ აღემატება 2010 წლის ფასებს, ხოლო ლიეტუვაში დღეს უძრავი ქონების ღირებულება თითქმის 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე 13 წლის წინ.
ამავე პერიოდში უძრავი ქონების ფასი საბერძნეთში 14%-ით, იტალიაში 9%-ით, კვიპროსში კი 2%-ით დაეცა.