ევროკავშირში ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში მზის ენერგიის წილმა ქვანახშირის წილს 2024 წელს პირველად გადააჭარბა.
ამის შესახებ ლონდონის საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაცია Ember-ის “ევროპის ელექტროენერგიის შეფასებაში” წერია.
კერძოდ, ევროკავშირში ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში მზის ენერგიის წილმა გასულ წელს 11%-ს მიაღწია, ხოლო ქვანახშირის წილი 10%-ზე დაბლა პირველად დაეცა. ამასთან, ქარის ენერგიის წილმა ელექტროენერგიის გამომუშავებაში 17%, ხოლო ბუნებრივი აირის წილმა 16% შეადგინა.
მზის ენერგიის მნიშვნელოვანი ზრდისა და ჰიდროენერგეტიკის აღდგენის შედეგად 2024 წელს ევროკავშირის ელექტროენერგიის 47% განახლებადი წყაროებიდან მარაგდებოდა, ხოლო წიაღისეული საწვავის საერთო წილმა ელექტროენერგიის წარმოებაში 29% შეადგინა. დანარჩენი ნაწილი სხვა წყაროებით, მათ შორის, ბირთვული ენერგიის საშუალებით იქნა გამომუშავებული.
ევროკავშირში “მწვანე შეთანხმების” მიღებამდე, კერძოდ, 2019 წელს ელექტროენერგიის წარმოებაში წიაღისეული საწვავის წილი 39%, ხოლო განახლებადი ენერგიის წილი 34% იყო.
ანგარიშის მიხედვით, ამჟამად ევროკავშირის ქვეყნების ნახევარი ელექტროენერგიის წარმოებაში ქვანახშირს საერთოდ არა ან მხოლოდ 5%-ზე ნაკლებ მოცულობას იყენებს, მაშინ, როცა მზის გენერაცია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში იზრდება. 2019 წელს ქვანახშირი ევროკავშირში ელექტროენერგიის წარმოებისთვის სიდიდით მესამე წყაროს წარმოადგენდა.
ასევე, ზედიზედ მეხუთე წელია, ევროკავშირში ელექტროენერგიის ბუნებრივ აირზე გამომუშავებაც იკლებს.
Ember-ის შეფასებით, ევროკავშირმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქარისა და მზის ახალი სიმძლავრეების მეშვეობით წიაღისეული საწვავის იმპორტზე 59 მლრდ დოლარი დაზოგა.
Ember-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის ქარის ენერგეტიკის ყოველწლიური დამატებითი დანადგარები, 2024 წლის დონესთან შედარებით, გაორმაგდება.