გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინისთვის ამზადებს დროებითი პრივილეგიების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ ბაზართან და ინსტიტუტებთან უფრო ფართო წვდომას, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გარეშე.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას რამდენიმე ევროპელმა დიპლომატმა დაუდასტურა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უარყვეს ევროკომისიის წინადადება უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ.

სტატიის თანახმად, ამის ნაცვლად, ბრიუსელში განიხილავენ „დაჩქარებული ეტაპობრივი ინტეგრაციის“ გეგმას, რომელმაც უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მოუტანოს სარგებელი, მაშინ როდესაც კიევი ჯერ კიდევ ატარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებს.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გასაგებად განაცხადეს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან რთულად წარმოსადგენია. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური წინადადება იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია, ამ დრომდე უკეთ წავიწიოთ წინ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ახალ წინადადებაზე მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული გერმანია და საფრანგეთი.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შეუძლებელია იქნება. ამასთან, მერცი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინას ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ევროპული საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე, ასევე, კიევი ჩაერთოს ევროპარლამენტის მუშაობაში სხვადასხვა ფორმატით.

თავის მხრივ, ლიეტუვა გამოდიოდა ინიციატივით, უკრაინას მინიჭებოდა „მიერთებული სახელმწიფოს“ გარდამავალი სტატუსი. წარსულში ასეთი სტატუსი მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას და ელოდებოდნენ რატიფიკაციას.

„პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინასთან დაკავშირებით შემუშავებულ წინადადებაში აღნიშნულია: „უკრაინის შემთხვევა ადასტურებს, რომ მისმა ევროპულმა გეზმა მიაღწია მდგრადობის დონეს, რაც იმსახურებს აღიარებას“.

სტატიის თანახმად, თავის მხრივ, კიევი ბრიუსელისგან დაჟინებით მოითხოვს კონკრეტულ ეკონომიკურ დახმარებას. ევროკავშირში უკრაინის ელჩის თქმით, ქვეყანა მიისწრაფვის ევროკავშირის ერთიან ბაზართან ეტაპობრივი წვდომისკენ, რაც დაკავშირებულია რეფორმებთან, უფრო ფართო ჩართულობასთან ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე, „სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასებისა და მიღების შესახებ“ შეთანხმების სწრაფად გაფორმებასთან.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს დოკუმენტი საშუალებას მისცემს უკრაინას, ევროკავშირის საზღვარზე სამრეწველო პროდუქცია დამატებითი შემოწმების გარეშე გადაიტანოს. უკრაინა ასევე მოითხოვს, ჩართული იყოს ევროკომისიის სამრეწველო სტრატეგიაში ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა. როგორც კიევში აცხადებენ, ასეთი ნაბიჯები დაუყოვნებლივ სარგებელს მოუტანს უკრაინას და გაამყარებს ინვესტორების სანდოობას.

„პოლიტიკოსთან“ საუბარში წყაროები ამტკიცებენ, რომ დროებითი პრივილეგიების პაკეტი არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამასთან, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის თქმით, კიევის მოლოდინი, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანდება, „არარეალისტურია“.

პირველი არხი