ევროკავშირი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი და სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია, ჩვენი თანამშრომლობა ახალ სიმაღლეებზე უნდა ავიყვანოთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშამ სამარყანდში ევროკავშირი-ცენტრალური აზიის პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ანტონიუ კოშტას თქმით, ევროკავშირი და ცენტრალური აზია თანამშრომლობის ახალ სფეროებს იკვლევენ, მათ შორის ციფრულ ტექნოლოგიებში, ტრანსპორტსა და ნედლეულში.
„მჯერა, რომ ჩვენს ურთიერთობას ჯერ არ მიუღწევია სრულ პოტენციალამდე. ჩვენი პარტნიორობა არის მოგზაურობა და არა დანიშნულების პუნქტი. ეს სამიტი აღნიშნავს ჩვენს ურთიერთობებში ახალი განზომილების დაწყებას და ეს არ იქნება ერთჯერადი. მე მსურს, მოვისმინო თქვენი შეხედულებები და წინადადებები, თუ როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლობა და ფოკუსირება მოვახდინოთ იმ სფეროებზე, რომლებიც ყველაზე დიდ სარგებელს მოგვიტანს. ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა იყოს როგორც რეალური, ასევე დინამიკური, რაც მოგვიტანს კონკრეტულ შედეგებს ხანგრძლივი გავლენით“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
როგორც ანტინიუ კოშტამ სამიტზე აღნიშნა, საჭიროა იმის აღიარება, რომ უსაფრთხოების სფეროში საფრთხეებმა ტრანსნაციონალური ხასიათი შეიძინა.
მისი თქმით, ამ რისკებისგან არცერთი რეგიონი არ არის დაცული, ამიტომ ევროკავშირმა და ცენტრალურმა აზიამ უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ დონეზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა.
„ეს ომი უკრაინისა და ევროპის ფარგლებს სცილდება. რუსეთის ომი არ არის ლოკალური კონფლიქტი, ეს არის თავდასხმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პრინციპებზე. სამ წელზე მეტია, რუსეთი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, უხეშად არღვევს გაერო-ს წესდებას და საერთაშორისო სამართალს, ძირს უთხრის საერთაშორისო სისტემის სტაბილურობას. ახლა არის ახალი იმპულსი უკრაინაში სამშვიდობო პროცესისთვის, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას. ერთად უნდა ვიმუშაოთ ამის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ამ ძალისხმევას და ყველა შესაძლო გზით შეუწყობს ამას ხელს“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.
ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ევროკავშირი-ცენტრალური აზიის პირველი სამიტი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა მასტაბილიზირებელი როლი აქვს ნდობაზე დაფუძნებულ რეგიონულ თანამშრომლობას გლობალურ სცენაზე.
„ევროკავშირი მიისწრაფვის ცენტრალურ აზიასთან ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობის დამყარებისკენ, რომელიც სცდება მოლოდინს და იძლევა ცოცხალ მაგალითს, თუ რა არის შესაძლებელი, როდესაც ერები ერთიანდებიან თანამშრომლობის სულისკვეთებით. დღევანდელი სამიტი გარდამტეხია. მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ. ჩვენ ვიზიარებთ ამ სამიტის დევიზს: „ინვესტირება მომავალში“. ჩვენი ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი და უნდა ვიმოძრაოთ წინ ამბიციით, დავწეროთ ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგი თავები“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.
წყარო: 1 არხი