ევროკავშირი ამზადებს ახალ ზომებს, რომლებიც ქალაქებს Airbnb-ისა და სხვა მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმების საქმიანობის შეზღუდვაში დაეხმარება. ამის შესახებ „ბლუმბერგი” წერს.
ინიციატივის მიზანია ევროპის მასშტაბით საცხოვრებლის დეფიციტისა და ხელმისაწვდომობის პრობლემის შემსუბუქება.
„ბლუმბერგის” ინფორმაციით, ევროკომისია გეგმავს წარადგინოს საერთო მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებაც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი. მისი დახმარებით ადგილობრივი ხელისუფლებები განსაზღვრავენ იმ უბნებს, სადაც საცხოვრებლის მწვავე დეფიციტია, ასევე შეაფასებენ, რამდენად აუცილებელი და პროპორციულია საცხოვრებლის მოკლევადიანი გაქირავების შეზღუდვა.
როგორც გამოცემა წერს, მოსალოდნელია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ ინიციატივის შესახებ ოფიციალურად სექტემბერში, ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის წინ ისაუბრებს.
„ბლუმბერგის” ინფორმაციით, ინიციატივა განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომლებმაც ტურისტული გაქირავების შეზღუდვა სცადეს, თუმცა ამის გამო უძრავი ქონების მფლობელებისა და საცხოვრებლის მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმების მხრიდან არაერთი სარჩელი მიიღეს, სადაც ისინი ევროკავშირის შიდა ბაზრის წესებზე მიუთითებდნენ. წყაროების თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას.