ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექტემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. განცხადებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი აქვეყნებს.
„ეს არის რუსეთის კიდევ ერთი უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმიზაციისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსირების მცდელობა.
მსგავსი განზრახვა წარმოადგენს გაეროს წესდების, ასევე, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას, რადგან რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი ქმედებების განხორციელების არანაირი უფლება არ აქვს“, – ვკითხულობთ განცხადებაში