AGE S.A. ლუქსემბურგში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც Arins Group LLC-ის ეკოსისტემის ფარგლებში ოპერირებს. Arins Group LLC სომხეთში მოქმედი წამყვანი ფინანსური ჰოლდინგია, რომლის შვილობილი კომპანიები მომხმარებლებს საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსურ მომსახურებებს სთავაზობენ.

სს „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ შეძენის შესახებ შეთანხმება ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების ნაწილია და მიზნად ისახავს საქმიანობის გაფართოებას ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე, მომსახურებების შემდგომ განვითარებასა და რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

რეგიონული გაფართოების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად საქართველო შეირჩა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძლიერი დინამიკის, მდგრადი და დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების გათვალისწინებით. მზარდი კომპანიისთვის მეზობელ ქვეყანაში გაფართოება განვითარებისკენ გადადგმული ლოგიკური ნაბიჯია.

სს „ტერაბანკის“ შეძენა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერების, კორპორაციული საბანკო მომსახურებების გაფართოებისა და საცალო საბანკო მიმართულების შემდგომი განვითარებისათვის.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობად მიიჩნევა, ჰოლდინგისთვის ტურიზმის სექტორში სტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს. აღნიშნული ინვესტიცია ხაზს უსვამს AGE S.A.-ის გრძელვადიან ინტერესს საქართველოს მიმართ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მზაობას.

ტრანზაქციის დასრულება ექვემდებარება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობის მიღებასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი პროცედურების დასრულებას.