ბრიუსელში 20 მარტს ჩატარებული სამიტის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენცია გამართა.
მან ისაუბრა აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ბრიუსელი ვაშინგტონისთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას აპრილის შუა რიცხვებამდე გადაავადებს.
თავდაპირველად, ევროკავშირს განზრახული ჰქონდა შეერთებული შტატებიდან შემოსული 26 მილიარდი ევროს საქონელზე საპასუხო ტარიფების ორ ეტაპად დაწესება პირველ და ცამეტ აპრილს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ეს ტარიფები ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს დააზიანებს.
„ჩვენ პრინციპულად ვეწინააღმდეგებით ტარიფებს. ვფიქრობთ, რომ ტარიფები ცუდია. ისინი გადასახადებს ჰგავს. ცუდია მომხმარებლებისთვის და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, ცუდია ბიზნესისთვის ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებას ამერიკის ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე და შემიძლია დავადასტურო, რომ ტარიფების ძალაში შესვლის ვადის კორექტირება გადავწყვიტეთ. ჩვენი აზრი არ იცვლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტარიფები 26 მილიარდ ევრომდე საქონელს ითვალისწინებს. ეს 28 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. ჩვენი მიზანია და ამით აიხსნება ტარიფების გადავადება, პროდუქციის სწორი ბალანსი, რაც ასახავს ჩვენი მწარმოებლების, ჩვენი ექსპორტიორების, ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს და რა თქმა უნდა, ამცირებს პოტენციურ ნეგატიურ ზემოქმედებას ჩვენს ეკონომიკაზე“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულად ფონ დერ ლაიენი.
ტარიფებზე ისაუბრა გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, რომლის აზრითაც, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა შესაძლოა ეკონომიკური დეპრესია გამოიწვიოს.
„ევროპა ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზონაა. მჯერა, რომ ამის საფუძველზე უნდა ვიმოქმედოთ. ეს ნიშნავს, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და გონივრული უნდა ვიყოთ. არ უნდა მივცეთ სხვებს საშუალება, შეგვაშინონ და უნდა ვკონცენტრირდეთ პროტექციონიზმის თავიდან აცილებაზე, რაც მსოფლიო ეკონომიკას ზიანს აყენებს და მომდევნო წლებში შეერთებულ შტატებში და ასევე სხვაგან, ეკონომიკური დეპრესიის გამომწვევი იქნება“, – ამბობს გერმანიის მოქმედი კანცლერი, ოლაფ შოლცი.
წარსულში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკავშირეები შეერთებულ შტატებს უსამართლოდ უწესებენ ტარიფებს და ახლა ვაშინგტონის ჯერია საპასუხო “სამართლიანი” ტარიფების დაწესებისა.
წყარო: euronews georgia