უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ, X-ზე უნგრელ კოლეგას უპასუხა და დაწერა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის დაბლოკვით ვიქტორ ორბანი "პუტინის სურვილებს ასრულებს".

"აშკარაა, რომ ევროკავშირი მშვიდობის ზონაა. ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ახალი ომის თავიდან ასარიდებლად. ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება მშვიდობასთან დაგვაახლოებს და შექმნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიას მთელი ევროპისა და უნგრული ერისთვის, მაგრამ პუტინს ეს არ უნდა. მას ომის გაგრძელება სურს. ევროკავშირში უკრაინის წევრობის დაბლოკვით ორბანი პუტინის სურვილებს ასრულებს. ამავდროულად, ორბანი ბლოკავს ევროპაში მშვიდობის აღდგენასა და უნგრეთს კრემლის რეჟიმის თანამზრახველად აქცევს." - დაწერა მან.

"[...] უნგრელი ხალხი ამას არ იმსახურებს. უნგრეთი არ იმსახურებს, რომ ხელახლა აღმოჩნდეს ისტორიის არასწორ მხარეს – იმ ახალი არაადამიანური იდეოლოგიის თანამზრახველად, რასაც პუტინის რეჟიმი წარმოადგენს." - დაამატა მან.

ამასთანავე, უნგრეთის საგარეო მინისტრის, პეტერ სიიარტოს, ბრალდებაზე, რომ თითქოს უკრაინას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა და ბუდაპეშტის "ომში ჩათრევა" სურს, სიბიჰა წერს, რომ ორბანის მთავრობას უკრაინის ნაცვლად "უნგრელი ხალხის" უნდა ეშინოდეს.

"რაც შეეხება არჩევნებს, უკრაინის არ უნდა გეშინოდეთ. უნგრელი ხალხის გეშინოდეთ, რომლებიც დაიღალნენ თქვენი ტყუილებით, კლეპტოკრატიითა და სიძულვილით." - აღნიშნა სიბიჰამ.

მანამდე უნგრეთის საგარეო მინისტრმა უკრაინელ კოლეგას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი, რაც, სიიარტოს მტკიცებით, ბუდაპეშტის რუსეთ-უკრაინის "ომში ჩათრევის" მიზნით ხდება.

"ვხედავ, რომ ჩვენს არჩევნებში ჩარევა დაიწყეთ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გსურთ მთავრობა, რომელიც ბრიუსელს დაეთანხმება და მზად იქნება, რომ უნგრეთი თქვენს ომში ჩაითრიოს, მაგრამ ამას არ დავუშვებთ! უნგრეთის სუვერენული მთავრობა გააგრძელებს თქვენი ომისგან ქვეყნისა და ხალხის დაცვას! უნგრეთი უპირველეს ყოვლისა." - დაწერა სიიარტომ. 

ცნობისთვის, მხარეებს შორის დაძაბული სიტყვა-პასუხის ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც უნგრეთის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს".

ორბანს მალევე სიბიჰა X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორბანის გეგმა "მარცხისთვისაა განწირული," რადგან "მოსკოვში თქვენი ბატონ-პატრონი 100 წელს ვერ გაძლებს".

"ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენი გეგმა მარცხისთვისაა განწირული. მოსკოვში თქვენი ბატონ-პატრონი 100 წელს ვერ გაძლებს, ორგანოებიც რომ შესწიროთ და იმ დღეს, როცა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ჩვენ ამ სათაურს ჩარჩოში ჩავსვამთ, რათა თქვენი ტყუილები მომდევნო 100 წლის განმავლობაში გვახსოვდეს." - დაწერა სიბიჰამ ორბანის პასუხად.

tabula.ge