ამერიკელი კინორეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს თქმით, პანდემიამ და კერძოდ, ე.წ. სტრიმინგ სერვისების პოპულარობის ზრდამ კინოთეატრებში სიარულის პრაქტიკა მოკლა. ფილმის გამოსვლის შემდეგ კინოთეატრებში 4-კვირიან სეანსებს მაკულატურის რეჟისორმა "მეტიჩრობა" უწოდა, ვინაიდან მალევე ადამიანებს ფილმის ნახვა სტრიმინგ სერვისებზეც შეუძლიათ.
"რა ჯანდაბაა ფილმი ახლა? რა - რაიმე რაც კინოთეატრებში სიმბოლურად 4 კვირის განმავლობაში გადის? კარგი, მეორე კვირას შენ ტელევიზიაში შეგიძლია უყურო მას. [...] 1997-ში საკმარისად ცუდად იყო ყველაფერი. საკმარისად ცუდად იყო ყველაფერი 2019-შიც და ეს ფილმების ბოლო წელი იყო. [...] მეტიჩრობაა. ახლა კინოთეატრებში სეანსები და შემდეგ, 2 კვირაში, შეგიძლია [ფილმს] ერთ სტრიმინგ სერვისზე უყურო ან მეორეზე. მაგრამ კინოთეატრი? იქ ასე ვერ იზამ, ბოლო საზღვარია". - თქვა ტარანტინომ სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ტარანტინომ ასევე განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული მიზეზით, იგი თეატრში სცდის ბედს. მეტიც, იგი ამჟამად პიესის წერითაა დაკავებული. რეჟისორმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ის ბოლო ფილმის გადაღებას აპირებდა, რათა საკუთარი ფილმოგრაფია "10-მდე დაემრგვალებინა". თეატრის სცენაზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ტარანტინო აღნიშნული პიესის კინოადაპტაციას მოიაზრებს, რაც მისი საბოლოო ფილმი იქნება.
"თუ გაინტერესებთ, რას ვაკეთებ ახლა - პიესას ვწერ და ეს ალბათ იქნება შემდეგი რამ, რის კეთებასაც მე გავაგრძელებ. თუ ეს ფიასკო იქნება, სავარაუდოდ, ფილმად არ ვაქცევ. თუმცა თუ ის წარმატებული იქნება? ალბათ, ჩემი ბოლო ფილმი იქნება. კარგი პიესის დადგმა რთულია და არც ვიცი, თუ შემიძლია. ამიტომ ვნახოთ. გამოწვევაა, ნამდვილი გამოწვევაა". - თქვა რეჟისორმა.