ესტონეთი ავტომობილის მართვის კულტურის ამაღლების გზებს ეძებს - პოლიციის მიერ სიჩქარის გადაჭარბებაში შემჩნეულ მძღოლებს შესთავაზებენ, არჩევანი 45-წუთიან „დასამშვიდებელ შესვენებას (გაჩერებას)“ და ჯარიმას შორის გააკეთოს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ესტონეთის გზებზე ავარიების და სიკვდილიანობის რიცხვის ზრდა ფიქსირდება. მართალია, წელს კლება შეინიშნება, მაგრამ ექსპერტები ამას ცვალებად ამინდს მიაწერენ და არა ავტომანქანის მართვის უკეთეს კულტურას.

ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დამრღვევები ვერც წელს ჯარიმების განაკვეთის გაორმაგებამ შეაშინა.

„დასამშვიდებელ/დასაწყნარებელი გაჩერებების“ იდეის მიზანი, რომელიც 2019 წლიდან უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს, სიჩქარის გადაჭარბებისადმი ყურადღების მიპყრობაა.

„თუ მძღოლი სიჩქარის ლიმიტს 20 კილომეტით აჭარბებს, პოლიციელს შეუძლია, მას 45-წუთიანი „დასამშვიდებელი გაჩერების შესაძლებლობა შესთავაზოს, ჯარიმის ნაცვლად. მძღოლს აქვს არჩევანი, დათანხმდეს ამ სანქციას თუ უარი თქვას მასზე“, - ამბობს პოლიციის და სასაზღვრო დაცვის სამმართველოს საგზაო მოძრაობის ხელმძღვანელი, ტაავი კირსი.

დამშვიდების/დაფიქრების მიზნით გაჩერებებს პოლიცია წარსულშიც იყენებდა, მაგრამ შემდეგ ეს ზომა დროებით შეჩერდა.

„ეს ექსპერიმენტი 2019 წელს დავიწყეთ, მაშინ პირველად გამოვცადეთ „დაამშვიდებელი“ გაჩერებები. შემდეგ მცირეხნიანი პაუზა იყო, მაგრამ შარშან სასწავლო წლის დასაწყისში, ისევ დავაბრუნეთ და ამ ზაფხულსაც ვიყენებთ“, - აღნიშნა მან.

მისი შეფასებით, „დასამშვიდებელი გაჩერებების“ ეფექტურობის შეფასება ჯერ ნაადრევია.

„ჯერჯერობით მათ ფართო მასშტაბით არ ვიყენებთ. ამ აქტივობის ყოველდღიურად განსახორციელებლად, საკმაოდ ბევრი საპატრულო პოლიციელი იქნება საჭირო. თუმცა, გარკვეული ქმედებები უკვე განვახორციელეთ. მაგალითად, გასულ პარასკევს, ტარტუს პოლიციის დეპარტამენტმა ტარტუ-ვირუს გზაზე „დასამშვიდებელი გაჩერებები“ მოაწყო. შედეგი ასეთია: რვა მძღოლმა „დასამშვიდებელი გაჩერება“ აირჩია, ერთმა მძღოლმა კი, სიჩქარის 20 კილომეტრამდე გადაჭარბებისთვის, ჯარიმის გადახდა ამჯობინა“, - განაცხადა კირსმა.

გასულ შაბათ-კვირას გამართული „ესტონეთის რალის“ დროს, პოლიცია სამხრეთ ესტონეთის გზებზე მძღოლებს „დასამშვიდებელი“ გაჩერების ვარიანტსაც სთავაზობდა. კირსის თქმით, ეს ვარიანტი გამოყენებაში რალის შემდეგაც დარჩება და გარკვეულ დროის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს.

კირსი მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ თბილი ამინდის დადგომასთან ერთად, მოძრაობის ინტენსიობა მოიმატებს და ამიტომ, მძღოლები გზაზე კიდევ უფრო ყურადღებიანები უნდა იყვნენ.

პოლიციამ ამ ზაფხულს ასევე წამოიწყო კამპანია, რომლის დროსაც კარგ მძღოლებს იმის გამო აქებენ, რომ სიკვდილს „უსაქმოდ ტოვებენ“.

1tv.ge