ესპანეთზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მან ბირთვული ენერგიის გამოყენების ეტაპობრივად შეწყვეტაზე უარი თქვას
ევროპის განახლებადი ენერგიის ლიდერი ესპანეთი მემარჯვენე და ბიზნეს-ჯგუფების მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა მან 2035 წლისთვის ატომური ელექტროსადგურების ეტაპობრივი გაუქმების გეგმებზე უარი თქვას. ატომური ენერგიის მიმართ ენთუზიაზმის პიკზე, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებზე მოდის, ესპანეთს რვა ატომური სადგურიჰქონდა, რომლებიც ქვეყანის ელექტრომომარაგებას 38 პროცენტით უზრუნველყოფდნენ. ახლა ხუთი ასეთი სადგურიღა შემორჩა, რომლებიც მოხმარებული ელექტროენერგიის 20 პროცენტს გამოიმუშავებენ. ქვეყნის ბირთვული ენერგიის ეტაპობრივი შემცირების გეგმის მიხედვით, რომელიც 2019 წელს, სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მთავრობის დროს შემუშავდა, დარჩენილი 5 ატომური სადგური მომდევნო ათწლეულში უნდა დაიხუროს და ამის ნაცვლად, ესპანეთი „მწვანე ენერგიის“ ისეთ წყაროებზე უნდა ფოკუსირდეს, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია. მაგრამ რაც უფრო ახლოვდება ალმარასში (დასავლეთ ესპანეთი) მდებარე ქვეყნის უძველესი და ყველაზე მძლავრი ატომური სადგურის დახურვის ვადა (2027-28 წლები), მით უფრო ხმამაღლა გაისმის მოწოდებები, რომ ესპანეთმა იმ ევროპულ ქვეყნებს მიბაძოს, რომლებიც თავიანთი ბირთვულ ენერგეტიკის აღდგენას ცდილობენ.
ალმარასის ორი რეაქტორი ევროკავშირის მეოთხე უმსხვილეს ეკონომიკაში (ანუ, ესპანეთში - რედ.) წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით შვიდ პროცენტს გამოიმუშავებს. ლობისტური ჯგუფის, „ბირთვული ფორუმის“ განცხადებით, ესპანეთის მიერ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება ატომური ელექტროსადგურების დახურვის შესახებ „სრულიად განსხვავებულმა ინდუსტრიულმა, გეოპოლიტიკურმა, სოციალურმა და ეკონომიკურმა კონტექსტმა“ განაპირობა და ის, „სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივის“ გარეშე, დღეს უკვე აღარ არის გონივრული. ლობისტური ჯგუფი დასძენს, რომ ატომური ენერგია საჭიროა ესპანეთში ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც ელექტრომობილების გაყიდვების მატებით და ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენებით არის გამოწვეული.
„აბსოლუტური აუცილებლობა“
ესპანური ენერგეტიკული კომპანია „იბერდროლას“ თავმჯდომარე, იგნასიო სანჩეს გალანი, რომელიც რამდენიმე ატომურ ელექტროსადგურს და განახლებადი ენერგიის ფირმებს მართავს, მიიჩნევს, რომ ბირთვული ენერგია „აბსოლუტურად აუცილებელია“ ეკონომიკის მდგრადობის შესანარჩუნებლად. „იბერდროლა“ იმ 30 კომპანიის რიცხვში შედის, რომლებმაც გასულ თვეში ესპანეთის ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ვადების გაგრძელების მანიფესტს მოაწერეს ხელი. „ამ ინფრასტრუქტურის ნაადრევი დემონტაჟი გამოუსწორებელ ეკონომიკურ და სოციალურ ზიანს გამოიწვევს“, - ნათქვამია მანიფესტში. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, უკრაინის ომით გამოწვეული გაზის ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ბირთვული სექტორის მიმართ გლობალური ინტერესი, 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისების შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ნიდერლანდები და შვედეთი ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავენ, ხოლო ბელგიის ახალმა კონსერვატიული მთავრობამ უკუაგდო ორი ათწლეულის წინანდელი დაპირება ატომური ენერგიის გამომუშავების ეტაპობრივად შემცირების შესახებ. ბოლო რეაქტორების დახურვიდან 25 წლის შემდეგ, ბირთვულ ენერგიაზე დაბრუნებას გზა გასულ თვეში იტალიის მთავრობამაც გაუხსნა.
„მზად არ არის“
ესპანეთის მთავარი ოპოზიციური კონსერვატიული „სახალხო პარტია“ (PP) ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს. მის მიერ წარდგენილი და პარლამენტის მიერ მოწონებული წინადადება მთავრობას არსებული ბირთვული ელექტროსადგურების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. გასულ თვეში ალმარასის ატომურ ელექტროსადგურში სტუმრობისას, მადრიდის რეგიონული მთავრობის გავლენიანმა ხელმძღვანელმა, იზაბელ დიას აიუსომ, რომელიც PP-ის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ეს ზომა აუცილებელია „სამუშაო ადგილებისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის დასაცავად“. ის გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ბირთვული ენერგიის ჩასანაცვლებლად ესპანეთი „მზად არ არის“ და თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ, მოიშველია კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, თუ ქვეყნის ბირთვული რეაქტორები დაიხურება, ესპანეთში ელექტროენერგიის ფასი შეიძლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 23 პროცენტით, ხოლო ბიზნესისთვის 35 პროცენტით გაიზარდოს.
სააგენტო „ფრანს პრესთან“ საუბრისას, გარემოსდაცვითი სამართლის პროფესორმა, ენრიკ ბარტლეტმა ხაზი გაუსვა, რომ ატომურ ენერგიაზე უარის თქმა იყო „დიდი ცვლილება“, რომელიც ნიშნავდა „მუდმივი და პროგნოზირებადი ენერგომომარაგების“ ჩანაცვლებას „უფრო არასტაბილური“ წყაროებით, როგორიც მზის და ქარის ენერგიაა. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელი გახდება დარჩენილი ატომური ელექტროსადგურების „შეფერხების გარეშე“ დახურვა, თუ ესპანეთს 2035 წლისთვის დამონტაჟებული ექნება საჭირო რაოდენობის სიმძლავრეები ელექტროენერგიის სხვა საშუალებებით გამოსამუშავებლად, აგრეთვე „შესაბამისი სატრანსპორტო და შემნახველი ქსელები“. „საჭირო იქნება ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდა“, - აღნიშნა ბარტლეტმა.
წყარო: 1 არხი