უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, აღშფოთებულია ზოგიერთი პირის განცხადებებით, რომლებიც უკრაინის არმიის კონტრშეტევით უკმაყოფილოა და სწრაფ შედეგებს ითხოვენ.

The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, მისი მეომრები ყოველდღიურად წინ მიიწევენ და ეს ხდება სისხლის ფასად.

„მაბრაზებს, როცა მესმის, რომ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო ნელა დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემი ჯარები ყოველდღე წინ მიიწევენ, თუნდაც მხოლოდ 500 მეტრით. ეს არ არის შოუ. ეს არ არის გადაცემა, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, რაზედაც ფსონს დებენ ან რაღაც ამდაგვარი. ყოველდღე, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

მთავარსარდლის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასწრაფოდ სჭირდება დასავლური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რადგან ამ ტიპის იარაღის გარეშე შეუძლებელია დაკისრებული ამოცანების შესრულება, მაგრამ უკრაინის დამცველები მაინც გმირულად მიიწევენ წინ და ათავისუფლებენ თავიანთ მიწას ოკუპანტებისგან.

„დიახ, ალბათ არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მაყურებლებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა”, - აღნიშნა ზალუჟნიმ.