ყველასთვის რთულია ირანთან რეალური შეთანხმების მიღწევა, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალ შიიტ სასულიერო პირებთან, რომლებიც თეოლოგიურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არა – გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს სურს მოლაპარაკებაზე დაფუძნებული შეთანხმების მიღწევა.
„ირანთან შეთანხმების მიღწევა ადვილი არ არის. გუშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ირანს მართავენ და ირანის გადაწყვეტილებებს მართავენ რადიკალი შიიტი სასულიერო პირები. ეს ხალხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სუფთად თეოლოგიის საფუძველზე იღებს. ასე იღებენ გადაწყვეტილებებს და სწორედ ამიტომ, რთულია ირანთან შეთანხმების მიღწევა. ეს რთულია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, ვცადოთ და პრეზიდენტი ცდილობს. მე არ მსურს, წინასწარ განვსაჯო ეს მოლაპარაკებები. მე არ ვაპირებ ირანთან მოლაპარაკებას პრესის თვალწინ. ჩვენი დიპლომატები გზაში არიან, მათ ექნებათ შეხვედრები და ვნახავთ, რა მოხდება. ჩვენ ვიმედოვნებთ შეთანხმების მიღწევას. პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობს მშვიდობიან შედეგს და მოლაპარაკებაზე დაფუძნებულ შედეგებს. პრეზიდენტმა გამოხატა საუბრის სურვილი და ყველასთან შეხვედრის სურვილი. ვფიქრობ, არის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება დიპლომატიური გზით იყოს მიღწეული, რაც გადაწყვეტს იმ საკითხებს, რომლებიც გვაწუხებს. ჩვენ ღია ვიქნებით. ყველასთვის რთულია ირანთან რეალური შეთანხმების მიღწევა, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალ შიიტ სასულიერო პირებთან, რომლებიც თეოლოგიურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არა – გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. იმედი მაქვს, გამოვა. ყველას გვაქვს იმედი, რომ გამოვა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
1tv.ge