14 მაისს თურქეთში ტარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც არაერთგზის აფასებენ, როგორც ისტორიულ კენჭისყრას და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ყველაზე დიდ გამოწვევას მისი 20-წლიანი მმართველობის ისტორიაში. მის წინასაარჩევნო გზავნილებზე „ნეტგაზეთი“ წერს:
ერდოღანი ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ თუ აირჩევენ, გაუმკლავდება მისსავე მმართველობისას გამწვავებულ ეკონომიკურ პრობლემებს და დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს.
მეორე მხრივ, ხელისუფლება დაუღალავად ხატავს დრამატულ სურათს, რომელიც, მათი მტკიცებით, ერთიანი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში დადგება.
ისმის განცხადებები “გადატრიალების მცდელობაზე დასავლეთიდან” და მოწოდებები ახალგაზრდებისადმი, თავი შორს დაიჭირონ “პრო-ლგბტ” ოპოზიციისგან.
„გადატრიალების მცდელობა”
ნატოს წევრი თურქეთის ხელისუფლებისა და დასავლეთის ურთიერთობები არაერთი დაძაბული ეპიზოდით ხასიათდება.
ახლა, როცა არჩევნები ახლოვდება, ერდოღანს კი მწვავედ აკრიტიკებენ საშინაო პრობლემების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლები ისრების გადატანას დასავლეთისკენ ცდილობენ.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, რომელიც ამჟამად საპარლამენტო არჩევნებში იყრის კენჭს, ირწმუნება, რომ არჩევნების დღეს ქვეყანას საფრთხე ელის დასავლეთიდან.
მან 14 მაისის არჩევნები 2016 წლის გადატრიალების მცდელობას შეადარა, რომელშიც თურქეთი ერდოღანის ყოფილ მოკავშირეს და ამჟამად მის ოპონენტს, აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელს, ფეთულა გიულენს ადანაშაულებს. ეს უკანასკნელი უარყოფს ბრალდებას.
„2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობა ჩავარდა ხალხის ქუჩაში გამოსვლის ფონზე. 15 ივლისი დე ფაქტო გადატრიალების მცდელობა იყო. 2023 წლის 14 მაისი[არჩევნების თარიღი] კი პოლიტიკური გადატრიალების მცდელობა იქნება დასავლეთისგან”, — დასძინა სოილუმ სტაბოლის მეცნიერებისა და კულტურის ფონდში ვიზიტისას.
საპასუხოდ, ოპოზიციური ალიანსის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ მმართველ პარტიას მიმართა: “თუ რაიმე გადატრიალების მცდელობას აქვს ადგილი, მას თქვენ ახორციელებთ”.
ქილიჩდაროღლუ თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, მემარცხენე-ცენტრისტული “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) თავმჯდომარეა. ის იდეოლოგიურად განსხვავებული 6 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა „ეროვნულმა ალიანსმა” საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.
დასავლეთის “შეთქმულებაზე” თავად ერდოღანმაც ილაპარაკა სატელევიზიო ეთერში. მან მთელ ერთან გააიგივა საკუთარი თავი.
„დასავლეთი ამბობს, რომ ის ერდოღანის წინააღმდეგია. მათი მტრული პოზიცია ერდოღანის მიმართ არის მტრული პოზიცია ჩემი ერის მიმართ — ჩემი ერი ამ შეთქმულებას 14 მაისს ჩაშლის”, — უთხრა პრეზიდენტმა CNN TÜRK-ს.
ბრალდებები ტერორიზმზე
მეორე მხრივ, თურქეთის ხელისუფლება კვლავაც ადანაშაულებს ოპონენტებს ტერორიზმთან კავშირში. მისი მხრიდან მსგავსი ბრალდებები უცხო არ არის, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამ რიტორიკამ კიდევ უფრო მწვავე ფორმები შეიძინა.
„ჩემი ერი არ გადასცემს ამ ქვეყანას იმ ადამიანს, რომელიც ქანდილის მხარდაჭერით გახდება პრეზიდენტი”, — თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საჯარო გამოსვლისას, პირველ მაისს.
ის გულისხმობს თურქეთ-ერაყის საზღვარზე მდებარე ქანდილის მთიანეთს, სადაც თურქეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული “ქურთისტანის მუშათა პარტიაა”(PKK) გამაგრებული.
ერდოღანის ხელისუფლება თურქეთის ოპოზოციას, განსაკუთრებით კი პარლამენტში სიდიდით მესამე ძალას, პრო-ქურთულ “ხალხთა დემოკრატიულ პარტიას”(HDP), მრავალგზის ედავება PKK-სთან სხვადასხვა ფორმით კავშირებს. პარტია ამას უარყოფს.
HDP და მისი მოკავშირე სხვა პარტიები მთავარ ოპოზიციურ ალიანსში არ შედიან, თუმცა თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ აყენებენ და მხარდაჭერას უცხადებენ ქილიჩდაროღლუს, რაც ერდოღანის მწვავე რეაქციას იწვევს. ის ოპოზიციის კანდიდატს HDP-სთან “ფარულ” მოლაპარაკებებში სდებს ბრალს, რასაც ქილიჩდაროღლუ უარყოფს.
თავის მხრივ, ოპოზიციის კანდიდატი მმართველ პარტიას თურქეთის მილიონობით ქურთის სტიგმატიზებაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მოხსნის ქურთულ ენასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და ქურთების სხვა საკითხებზეც იმუშავებს.
თუ ერდოღანი და სოილუ შეთქმულებასა და გადატრიალების მცდელობაზე საუბრობენ, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ვიცე-თავმჯდომარე ბინალი ილდირიმი ამბობს, რომ 14 მაისი “დამპყრობლების წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის არჩევანია”.
პრეზიდენტისა და მისი მოკავშირეების ამ განცხადებებმა ზოგიერთს კითხვები გაუჩინა, როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია, თუ არჩევნებში მისთვის არასასურველი შედეგი დადგება.
მოგვიანებით, გერმანულ მედიასთან საუბრისას, ერდოღანის სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა თქვა, რომ ხელისუფლება პატივს სცემს არჩევნების შედეგებს, იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ის.
ლგბტ, ალკოჰოლი და სხვ.
წინასაარჩევნო გზავნილებში თურქეთის ხელისუფლებას არც ის ავიწყდება, გამოიყენოს ჰომოფობიური ლექსიკა, წარმოაჩინოს ლგბტ თემი, როგორც საფრთხე თურქეთის საზოგადოებისთვის და ამ კუთხითაც შეუტიოს ოპოზიციას.
უშუალოდ ერდოღანი ამ საკითხს თავის მრავალ გამოსვლაში უთმობს ყურადღებას. ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას მან ოპოზიციური პარტიები “პრო-ლგბტ”-ად მოიხსენია და მოუწოდა ახალგაზრდებს, “არ შეხედონ ამ ლგბტ ხალხს”, ისევე როგორც არ შეეწინააღმდეგონ ქორწინებას.
ერდოღანის მტკიცებით, „სახალხო ალიანსი”, რომელშიც მისი პარტია და სხვა პრო-სახელისუფლებო პარტიები ერთიანდებიან, “წმინდა ოჯახის” გზით მიდის.
ლგბტ ადამიანებს სიტყვით გამოსვლებისას თავს ესხმიან მინისტრებიც, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი. ერთ-ერთ ჰომოფობიურ გამოსვლაში მან თქვა, რომ უნდა დაიცვან ოჯახი, ერი და სახელმწიფო.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ მიზანში კოსმეტიკური კრემის სარეკლამო ბილბორდი ამოიღო, ზედ ორი ქალის გამოსახულებით და წარწერით: “ისეთივე ბუნებრივი, როგორც გოგოს პაემანი გოგოსთან”. ბილბორდები ავტობუსის გაჩერებებზე იყო განთავსებული.
„ღმერთმა მაპატიოს, ესაა ის, სადაც თურქეთის მიყვანა სურთ”, — აღნიშნა სოილუმ და დაამატა, რომ მისი სამინისტრო დაეკონტაქტება ვაჭრობის სამინისტროს, რათა ხსენებული ბილბორდები აიკრძალოს.
ხელისუფლების წინასაარჩევნო რიტორიკაში შეიმჩნევა რელიგიური სენტიმენტით მანიპულირებაც.
მაგალითად, რეკონსტრუქციის შემდეგ სტამბოლის ლურჯი მეჩეთის გახსნისას, ერდოღანმა თქვა, რომ ოპოზიცია რელიგიის საქმეთა დირექტორატის დახურვას და მის მაგივრად სხვა სტრუქტურის დაფუძნებას აპირებს. ქილიჩდაროღლუმ ეს არ დაადასტურა.
კიდევ ერთ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრმა ბოზდაღმა ადამიანების ორ კატეგორიაზე ისაუბრა: ისინი, ვინც, მისი სიტყვებით, შამპანურს გახსნიან და ასე იზეიმებენ არჩევნებში გამარჯვებას, ან ისინი, ვინც ღმერთს განადიდებენ და ილოცებენ.
„ჩვენი საყვარელი ერის ხელშია ამ ორიდან ერთ-ერთი [მოცემულობის] შექმნა”, — დასძინა მინისტრმა, მოგვიანებით კი უარყო ბრალდებები საზოგადოების პოლარიზების მცდელობაზე და განაცხადა, რომ მისი ეს რეპლიკა ეხებოდა ერთ-ერთი ჟურნალისტის ნათქვამს, რომლის მიხედვითაც ერდოღანის მარცხს “ვაშინგტონიდან ბერლინამდე” შამპანურით იზეიმებენ.
ბოზდაღის განცხადების საპასუხოდ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ დაწერა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არ აქვთ “არც რაიმე წმინდა და არც საერთო [ღირებულება]”, გარდა პროპაგანდისა.
ერდოღანის თავის ტკივილი: არამხოლოდ ერთიანი ოპოზიცია
წლების განმავლობაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი პარტია მნიშვნელოვანი სირთულეების გარეშე ინარჩუნებდა ხელისუფლებას. თუმცა უკანასკნელ 5 წელიწადში თურქეთში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც პოტენციურად არყევს ამ მოცემულობას:
თურქეთის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ხარჯების კუთხით ყველაზე მწვავე კრიზისის წინაშეა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მარტში ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 50.5%-მდე ჩამოვიდა, თუმცა ოქტომბერში 24-წლიანი რეკორდი მოხსნა და 85.5%-ს მიაღწია.
სწორედ იმ წელს, როცა ერდოღანი ხელახლა აირჩიეს, გამწვავდა თურქული ვალუტის კრიზისიც, მიმდინარე წლის მარტში კი ლირამ ახალი ანტირეკორდი მოხსნა: $1-ის ღირებულება თითქმის 19 ლირა გახდა. გაზრდილი ფასები თუ შემცირებული მსყიდველუნარიანობა განსაკუთრებით აისახა სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომელთაგანაც, როგორც წესი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ერდოღანს.
ეკონომიკურ სირთულეებს დაემატა თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრაც და მწვავე კრიტიკა ხელისუფლებისადმი, როგორც სამაშველო ოპერაციების ხარისხის, ისე სამშენებლო რეგულაციების აღუსრულებლობისა და კორუფციის კონტექსტში.
ერთ-ერთი ბოლო კვლევით, ეკონომიკა თურქეთის მოსახლეობის 56%-ს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად მიაჩნია, თუმცა ეს არ არის ერდოღანის ეპოქის ერთადერთი კრიტიკული წერტილი:
ტერორიზმის ბრალდებებით კრიტიკოსების მასობრივი დაპატიმრებისა თუ კრიტიკული მედიასაშუალებების დახურვის, ისევე როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის შებღალვასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, ერდოღანს არაერთი ადანაშაულებს ერთპიროვნულ მმართველობაში, რომელიც ძირს უთხრის თურქეთის დემოკრატიას.
კვლევების მიხედვით, ოპოზიციას ერდოღანის წინააღმდეგ რეალისტური შანსი აქვს. არაერთი კვლევის თანახმად, ქილიჩდაროღლუ მცირედით უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა, გამოკითხვების უმრავლესობა მეორე ტურის შესაძლებლობაზე მიანიშნებს, ვინაიდან ვერც ერთი კანდიდატი აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებისთვისაა საჭირო.
ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა თურქეთის დაბრუნება მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე, რომელიც ერდოღანმა 2017 წლის საკამათო რეფერენდუმის გზით საპრეზიდენტო მოდელით შეცვალა და მეტად გაიფართოვა ძალაუფლება.
მათ დაპირებებს შორისაა ეკონომიკურ სირთულეებთან და კორუფციასთან ბრძოლაც, ისევე როგორც, სასამართლოს დამოუკიდებლობა — რომლის ხელყოფასაც ერდოღანის ხელისუფლება უარყოფს — და მოქალაქეთა თავისუფლების დაცვა.