მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ენცო მარესკას კანდიდატურა განიხილება, – ამის შესახებ Sky Sport Germany წერს.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბის“ პრიორიტეტი კვლავ ზინედინ ზიდანია, თუმცა ფრანგ სპეციალისტსა და ფლორენტინო პერესს შორის ურთიერთობა ისეთი მტკიცე აღარ არის, როგორც ადრე. ამასთანავე, არსებობს მოლოდინი, რომ ზიდანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს.

11 იანვრს „რეალი“ ჩაბი ალონსომ დატოვა, ხოლო მწვრთნელის პოსტი ალვარო არბელოამ დაიკავა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებას გამოეთიშა.

ენცო მარესკას ბოლო სამუშაო ადგილი „ჩელსი“ იყო, რომელიც მან 2026 წლის იანვრის დასაწყისში დატოვა. იტალიელის ხელმძღვანელობით ლონდონურმა გუნდმა კონფერენს ლიგა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მანამდე მარესკა „ლესტერსა“ და „პარმაში“ მუშაობდა, მწვრთნელის ასისტენტის როლს კი „მანჩესტერ სიტიში“, „ვესტ ჰემში“, „სევილიასა“ და „ასკოლიში“ ასრულებდა.

პირველი არხი