ელ სალვადორმა, რომელიც აქამდე ბიტკოინის ეროვნული შესყიდვებით იყო ცნობილი, სტრატეგია შეცვალა და 50 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს ეროვნული ფინანსური სისტემის დაცვას გლობალური ეკონომიკური რყევებისა და ინფლაციური რისკებისგან. თუ ბიტკოინი მაღალი რისკისა და მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე აქტივია, ოქრო სტაბილურობას და სიმყარეს იძლევა, თანაც ბოლო პერიოდში ოქროს გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ბიტკოინს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ელ სალვადორის მიერ ოქროს შესყიდვა ემთხვევა მსოფლიოს სხვა ცენტრალური ბანკების სტრატეგიას, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად ზრდიან ოქროს წილს საკუთარ პორტფელებში, რათა გეოპოლიტიკური და ფინანსური რისკებისგან თავი დაიცვან.

პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა გააგრძელებს როგორც ბიტკოინის დაგროვების სტრატეგიას, ისე ძვირფასი ლითონების რეზერვების ზრდას, რათა ელ სალვადორი რეგიონის ყველაზე მდგრად და ინოვაციურ ეკონომიკად იქცეს.

bm.ge