ეიფელის კოშკი სიცხის გამო დაახლოებით 10 სანტიმეტრით გაიზარდა. ამის შესახებ RTL ინჟინერსა და არქიტექტორ ბერტრან ლემუანზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, კოშკი მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ, რის გამოც წლის განმავლობაში მისი სიმაღლე შეიძლება შეიცვალოს.
„როდესაც ტემპერატურა მინუს 10-დან პლუს 40 გრადუსამდე იცვლება, ეიფელის კოშკი დაახლოებით 10 სანტიმეტრით იზრდება. ეს შეესაბამება ორ სანტიმეტრს ყოველ 10 გრადუსზე“, - განაცხადა ლემუანმა.
ეიფელის კოშკის კონსტრუქციაში გამოყენებულია პუდლინგური რკინა, რომელიც სითბოს ზემოქმედებით ფართოვდება. ტემპერატურის კლებასთან ერთად ის კვლავ იკუმშება. ლემუანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოვლენა ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება.