აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებული საქონლის ფართო სპექტრზე 50%-იანი ტარიფი დააწესა.
BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საქონელს შორისაა ღვინო, ცემენტი, ჰოკეის ჯოხები და სხვა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტარიფები 30 დღეში ამოქმედდება.
ტრამპის განმარტებით, ტარიფები ამერიკული ავტომობილების, რძის პროდუქტებისა და ალკოჰოლის მიმართ „არათანაბარი მოპყრობის“ საპასუხოდ დაწესდა.
კანადის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, კენდენს ლეინგმა, ტარიფებს „სამწუხარო გადაწყვეტილება“ უწოდა და ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ახალი გადასახადების ამოქმედებამდე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიონ.
ტარიფების დაწესებას გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნიც.
„ეს წარმოადგენს აშშ-ის მიერ ცალმხრივად გადადგმული სავაჭრო ნაბიჯების სერიის უახლეს შემთხვევას. აღნიშნული ქმედებები დაიწყო იმით, რომ აშშ-მა კანადა–აშშ–მექსიკის შეთანხმების (CUSMA/USMCA) პირდაპირი დარღვევით ტარიფების მთელი რიგი დააწესა“, - აღნიშნა კარნიმ.
მისი თქმით, კანადა მზადაა მომდევნო კვირების განმავლობაში აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები გააძლიეროს.
ცნობისთვის, აშშ-ს ამჟამად კანადიდან იმპორტირებულ ფოლადზე, ალუმინსა და სპილენძზე 15%-იდან 50%-მდე ტარიფები აქვს დაწესებული. ვაშინგტონს ასევე 35%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული კანადურ რბილ მერქანზე, ავტომობილების არაამერიკული წარმოების ნაწილებზე კი იმპორტის 25%-იან გადასახადი მოქმედებს.
თავის მხრივ, კანადას ამერიკული ფოლადის, ალუმინის და სატრანსპორტო საშუალებების შერჩეულ იმპორტზე 25%-იანი საპასუხო ტარიფი აქვს დაწესებული.