დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა შესაძლოა, პანამის არხზე კონტროლი დაიბრუნოს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელ სატრანსპორტო არხზე გასასვლელად აშშ-ის გადამზიდავებს „სასაცილო“ და უსამართლო გადასახადები ეკისრებათ.

„ჩვენს საზღვაო ძალებს და კომერციულ გემებს ეპყრობოდნენ ძალიან უსამართლოდ და არაკეთილსინდისიერად. პანამის მიერ დაწესებული გადასახადები სასაცილოა, უკიდურესად უსამართლო, განსაკუთრებით იმ არაჩვეულებრივი კეთილშობილების ფონზე, რომელიც პანამას უბოძეს. ეს შეჩერდება. შეერთებულ შტატებს დიდი ინტერესი აქვს პანამის არხის უსაფრთხო, ეფექტურ და საიმედო ფუნქციონირებაში. თუ არ იქნება დაცული ამ დიდსულოვანი ჟესტის პრინციპები, როგორც მორალური, ისე იურიდიული, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ პანამის არხის დაბრუნებას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სრულად, სწრაფად და კითხვის გარეშე”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებებს უკმაყოფილება მოჰყვა პანამის ხელისუფლებაში. ქვეყნის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ აღნიშნა, რომ პანამის არხი და მისი მიმდებარე ზონა პანამელთა ექსკლუზიური მემკვიდრეობაა.

„პანამის არხის და მისი მიმდებარე ზონის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ასე გაგრძელდება. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე მოლაპარაკება შეუძლებელია”, – განაცხადა პანამის პრეზიდენტმა.

შეერთებულმა შტატებმა პანამის არხი 1900-იანი წლების დასაწყისში ააშენა, რადგან ეძებდა გზებს მის სანაპიროებს შორის კომერციული და სამხედრო გემების ტრანზიტის გასაადვილებლად. 1999 წლის 31 დეკემბერს ვაშინგტონმა დათმო კონტროლი პანამის არხზე, 1977 წელს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე.

პირველი არხი