დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა „სამხედრო ან ეკონომიკური იძულების“ გამოყენებას ამ ტერიტორიების მოსაპოვებლად, არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა: „არა“.
„არა, ვერცერთზე ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ერთს გეტყვით – ისინი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – განაცხადა ტრაპმა.
მისივე თქმით, სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, „მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს“.
„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. იქ დაახლოებით 45,000 ადამიანი ცხოვრობს. სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას მასზე რაიმე იურიდიული უფლება. მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ის ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ეს თავისუფალი სამყაროსთვისაა. მე ვსაუბრობ თავისუფალი სამყაროს დაცვაზე – შეხედეთ, დურბინდიც კი არ გჭირდებათ, გაიხედავთ და ჩინური გემები ყველგანაა, რუსული გემები ყველგანაა. ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, მან დანიას მაღალი ტარიფები დაუწესოს.
მოგვიანებით, დონალდ ტრამპს დაუსვეს შეკითხვა, გამოიყენებდა თუ არა სამხედრო ძალას კანადის წინააღმდეგ, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „არა, ეკონომიკურ ძალას“.
ცნობისთვის, არჩევნების შემდეგ ტრამპმა არაერთხელ გამოხატა ინტერესი როგორც პანამის არხის, ისე გრენლანდიის ფლობასთან დაკავშირებით.