ამერიკული მედია და გასართობი ინდუსტრიის გიგანტი The Walt Disney Company 2029 ფისკალური წლისთვის ყოველწლიური ხარჯების 3 მილიარდი დოლარით შემცირებას გეგმავს. როგორც The Wall Street Journal წერს, ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჯოშ დ’ამარო კომპანიის ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და გლობალურ სტრიმინგ-ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ცდილობს.
ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმა თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებასაც ითვალისწინებს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიამ მიმდინარე წელს უკვე რამდენიმე ეტაპად გაათავისუფლა ათასობით თანამშრომელი. ასევე განხორციელდა ხანგრძლივი სტაჟის მქონე თანამშრომლებისთვის ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამა.
Disney ხარჯების შემცირებით გამოთავისუფლებული რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს კონტენტის წარმოებაში ინვესტირებისთვის გამოიყენებს. კომპანიის გეგმები მოიცავს ფილმებისა და სატელევიზიო პროგრამების დაფინანსების ზრდას, სპორტული უფლებების შეძენასა და საერთაშორისო ბაზრებზე ახალი პროდუქციის შექმნას. მიმდინარე ფისკალურ წელს კონტენტზე დანახარჯების 9%-ით, 26 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა დაგეგმილი.
ხარჯების შემცირების პარალელურად, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა. ბოლო კვარტალში Disney-ის შემოსავალი წლიურად 16%-ით გაიზარდა და 25.95 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე 1.77 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 59%-ით აღემატება. სტრიმინგის მიმართულების საოპერაციო მოგება კი 824 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.