დიდი ბრიტანეთი უკრაინას აშშ-თან მოლაპარაკებების წინ კონსულტაციას უწევს, რათა თავიდან აიცილონ ახალი კონფლიქტი, – ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მრჩეველი ჯონათან პაუელი შაბათ-კვირას უკრაინაში იმყოფებოდა, რათა კონსულტაცია გაეწია ზელენსკისთვის იქამდე, ვიდრე უკრაინის წარმომადგენლები სამშაბათს აშშ-თან მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას.
გამოცემა წერს, რომ ბრიტანელები ცდილობენ, თავიდან აიცილონ დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში მომხდარი კონფლიქტის გამეორება. ამასთან, გამოცემაში აღნიშნულია, რომ კირ სტარმერი ცდილობს, დაარწმუნოს ტრამპი, განაახლოს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის.
11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინასა და აშშ-ს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.