ევროპაში დასაქმებულთა 18.5% შაბათ-კვირას მუშაობს. 2025 წლის მონაცემებით, შაბათს ან კვირას მუშაობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბერძნეთში, კვიპროსსა და მალტაში ფიქსირდება. ამის შესახებ Eurostat-ისა და ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით RankingRoyals-ი წერს.
რეიტინგის მიხედვით, საბერძნეთში დასაქმებულთა 31.5% ჩვეულებრივ შაბათ-კვირას მუშაობს, კვიპროსში ეს მაჩვენებელი 31.3%-ს, მალტაში კი 29.2%-ს შეადგენს. მათ მოსდევენ შვეიცარიელები — 29%-ით და იტალიელები — 26.9%-ით.
შაბათ-კვირას მუშაობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი ასევე ირლანდიაში (25.8%), საფრანგეთში (25.7%), ესპანეთში (23.9%), ავსტრიასა და გაერთიანებულ სამეფოში (თითოეულში 20.6%) ფიქსირდება.
რეიტინგის ბოლოში ლიეტუვაა, სადაც დასაქმებულთა მხოლოდ 3% მუშაობს ჩვეულებრივ შაბათ-კვირას. მას მოსდევენ პოლონეთი — 4.2%, უნგრეთი — 6.2% და ბულგარეთი — 7%.
მონაცემები მოიცავს 15-დან 64 წლამდე სრულ და არასრულ განაკვეთზე დასაქმებულებს. შაბათ-კვირას მუშაობად ითვლება სამუშაო, რომელიც ჩვეულებრივ შაბათს ან კვირას სრულდება.
