2026 წლის მესამე კვარტალში მშენებლობისა და მრეწველობის სექტორებში დასაქმების ზრდის მოლოდინი გაძლიერდა, ვაჭრობასა და მომსახურებაში კი დასაქმების ბარომეტრი შემცირდა. ამის შესახებ PMCG-ისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრი მესამე კვარტალში 32.9 ქულამდე გაიზარდა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 3.8 ქულით, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 0.5 ქულით აღემატება. ბარომეტრის დადებითი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში დასაქმების ზრდას უფრო მეტი კომპანია ელის, ვიდრე შემცირებას.

სექტორების მიხედვით, დასაქმების მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობაში გაუმჯობესდა — ბარომეტრი წინა კვარტალთან შედარებით 44.8 ქულით გაიზარდა. მრეწველობაში მაჩვენებელი 22.2 ქულით გაუმჯობესდა.

ამის საპირისპიროდ, მომსახურების სექტორში დასაქმების ბარომეტრი 9.8 ქულით, ვაჭრობაში კი 2.6 ქულით შემცირდა.

კვლევის მიხედვით, ბიზნესის საერთო კლიმატის ინდექსმა მესამე კვარტალში 48.4 ქულა შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2 ქულით გაიზარდა. თუმცა, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 29.7 ქულა იყო — წინა კვარტალზე 0.3 ქულით, ხოლო წლიურად 0.9 ქულით ნაკლები.

მომდევნო ექვსი თვის ბიზნესმოლოდინები 68.6 ქულამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელსა და მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას შორის სხვაობა 38.9 ქულაა.

კვლევა 2026 წლის 1-16 სექტემბერს ჩატარდა. BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMCG-ისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.