დღეს ერთი ლიტრი ჰელიუმ-3 2 000 დოლარი ღირს, მისი მარაგი დედამიწაზე იწურება, ხოლო მოპოვების ერთადერთი იმედი მთვარეა - მეცნიერები და ტექნოლოგიური გიგანტები ახალი ენერგეტიკული რევოლუციისთვის ემზადებიან.
Bpn.ge მოგითხრობთ დეტალებს ნივთიერებაზე, რომელიც კაცობრიობას უფასო და სუფთა ენერგიას ჰპირდება.
რა არის ჰელიუმ-3 და რატომ ღირს ის ასე ძვირი?
ჰელიუმ-3 არის ჰელიუმის იშვიათი იზოტოპი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მასალად ითვლება. დღეისათვის ერთი კილოგრამი ჰელიუმ-3-ის საბაზრო ღირებულება 19-20 მლნ დოლარამდეა. ის ტრიტიუმის (წყალბადის ფორმა) დაშლის შედეგად მიიღება, რის გამოც მისი წარმოება მკაცრად კონტროლდება.
ყოველწლიურად მსოფლიოში ამ გზით მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი ლიტრი ჰელიუმ-3 იწარმოება, რაც მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

ენერგეტიკული რევოლუცია და კვანტური ნახტომი
მეცნიერები ჰელიუმ-3-ს ორ უმნიშვნელოვანეს სფეროში განიხილავენ:
- ბირთვული სინთეზი: მას შეუძლია უზრუნველყოს უზარმაზარი რაოდენობის სუფთა ენერგიის გამომუშავება.
- კვანტური კომპიუტერები: ეს გაზი აუცილებელია ზედაბალი ტემპერატურის შესაქმნელად, რაც კვანტური მოწყობილობების მუშაობისთვის კრიტიკულია.
გარდა ამისა, ფიზიკოსები მას ბნელი მატერიის საიდუმლო ნაწილაკების აღმოსაჩენად იყენებენ.
გეგმა: მთვარის ზედაპირის „გადათხრა“
ვინაიდან დედამიწაზე ჰელიუმ-3-ის კონცენტრაცია ძალიან დაბალია, მზერა მთვარისკენ არის მიპყრობილი. Apollo-ს მისიების მიერ ჩამოტანილი მთვარის მტვრის ნიმუშები ადასტურებს, რომ იქ ამ გაზის მაღალი კონცენტრაციაა.
სიეტლში ბაზირებულმა კომპანია Interlune-მა უკვე დაიწყო მზადება მთვარეზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოებისთვის. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია ჰარისონ „ჯეკ“ შმიტი Apollo 17-ის მისიის ფარგლებში მთვარეზე დადიოდა.
მისი პროექტის მიხედვით:
- მთვარეზე გაიგზავნება ავტონომიური რობოტები, რომლებიც რეგოლითს დაამუშავებენ;
- პირველი აპარატები მთვარეზე, შესაძლოა, 2027 წლის შემოდგომაზე დაეშვან;
- უკვე გაფორმებულია 300 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი კვანტური კომპიუტერების კომპანიასთან 10 000 ლიტრი ჰელიუმ-3-ის მიწოდებაზე.

„მთების გადადგმა“ - უდიდესი გამოწვევა
მიუხედავად ოპტიმიზმისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ პროცესი წარმოუდგენლად რთული იქნება. სავარაუდოდ, სულ რაღაც ერთი კილოგრამი ჰელიუმ-3-ის მისაღებად ასობით ათასი ტონა მთვარის ნიადაგის გადამუშავება გახდება საჭირო. ეს არის მასშტაბი, რომელსაც მეცნიერები „მთების გადადგმას“ ადარებენ.
არსებობს თუ არა ალტერნატივა დედამიწაზე?
სანამ ზოგიერთი მთვარეზე გაფრენას გეგმავს, კომპანია Pulsar Helium-ი ჰელიუმ-3-ის მოპოვებას დედამიწის წიაღში, მინესოტას შტატში (აშშ) ცდილობს. მეცნიერების თქმით, მინესოტაში მოხვედრა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მთვარეზე, თუმცა იქ არსებული მარაგი რამდენად იქნება საკმარისი გლობალური მოთხოვნისთვის, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: bbc.com, bpn.ge