აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს იმედი აქვს, რომ სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის შეხვედრა შედგება.

ამის შესახებ სტივ უიტკოფმა ამერიკულ „ბრეითბართთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სტივ უიტკოფმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო მოლაპარაკებებში მედიატორის ფუნქციის შესრულების წინადადებებითაც გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ სტივ უიტკოფი ამჟამად პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ახლო აღმოსავლეთში იმყოფება.

„ჩემი აზრით, ასეთი რამე სრულიად შესაძლებელია. შეერთებული შტატები თუ გავა კონფლიქტის მოგვარების პროცესიდან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღარ მოისურვებს ამ პროცესში ჩართულობას და იტყვის, რომ ეს არ არის ჩემი ომი და რომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ეს იქნება ცუდი შედეგი ყველასთვის. ეს ცუდი იქნება ევროპელებისთვის, უკრაინელებისთვის და არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება რუსებისთვის. ჩემი მოსაზრებით, რუსებს სურთ მშვიდობიანი დარეგულირება, ორივე მხარე ცდილობს, გაარკვიოს, რას ნიშნავს ეს მათთვის. ჩვენი საქმეა მათი ერთ ოთახში შეკრება და იმის ჩვენებაა, რომ მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა არის ყველასთვის ცუდი. ესაა ჩვენი საქმე“ – განაცხადა უიტკოფმა.

ამავე ინტერვიუში სტივ უიტკოფმა უკრაინაში მიმდინარე ომს „სულელური“ უწოდა და თქვა, რომ ის „არ უნდა დაწყებულიყო“. მისივე თქმით,  ის არც დაიწყებოდა, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. თუმცა, მისივე თქმით, იმის გამო, რომ იმ დროს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო, ომი დაიწყო და გაგრძელდა სამი წელი.

„პრეზიდენტმა თქვა, და ჩვენ გვჯერა იმის, რაც მან თქვა, რომ ეს არის სულელური ომი. ის არ უნდა მომხდარიყო. ის არც მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო გაყალბებული არჩევნები და ტრამპი ყოფილიყო პრეზიდენტი. ყველა უნდა შევკრიბოთ ერთ ოთახში. გამოსავალი მუშაობს მაშინ, როდესაც არის პირდაპირი მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა დავსვათ რუსები და უკრაინელები ერთ მაგიდასთან. ეს იყო სასტიკი ომი – მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ყველა უნდა ვაიძულოთ, იფიქრონ, რომ პასუხისმგებლობიანი გზა ამის გადასაჭრელად არის დიპლომატიური გამოსავალი. თუ ესაა, რაც გსურთ, თუ ესაა, რაც რუსეთს სურს, თუ თქვენ გჯერათ, რომ ამ ომის შეჩერებას აქვს დადებითი მხარე თქვენი საზოგადოებისთვის და უკრაინასაც იგივე სურს, მაშინ ფიზიკურად უნდა შეგკრიბოთ ერთ ოთახში. მათ შევთავაზე იმდენი დროის გატარება, რამდენიც სურთ, ასევე შევთავაზე შუამავლობა. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ესაა პირდაპირი მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა, რომ აუცილებელია პროგრესის მიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აშშ გავა მოლაპარაკებებიდან.

„პრეზიდენტმა წამოაყენა ულტიმატუმი ორივე მხარისთვის, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე არ შეიძლება, და თუ ეს მალე არ მოხდება, მაშინ მას სჯერა, რომ აშშ უნდა დაშორდეს ამ კონფლიქტს, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, უბრალოდ არ უნდა იყოს ჩართული. ეს არის რისი შუამავლობაც გვსურს. ეს არაა ჩვენი ომი. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, მაგრამ გვსურს დახმარება მის დასრულებაში. გზა, რომლითაც ეს მოხდება, არის ცეცხლის შეწყვეტა. ყველა წყვეტს ძალადობას და ჩვენ ერთად ვატარებთ ცოტა უფრო მეტ დროს, რათა უზრუნველყოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძირითადი საკითხების მოგვარება აქ, და მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

ამავე ინტერვიუში მან დაასახელა ის საკითხები, რომლებიც, მისი მოსაზრებით, შეთანხმებაში მოხვდება.

„ვფიქრობ, მთავარი საკითხები არის რეგიონები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ასევე ის, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინელებს მდინარე დნეპრის გამოყენება და ზღვასთან წვდომა. არის საკითხები, რომელთა გადაჭრაც, ჩემი აზრით, რთული არ იქნება, თუ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიყვანთ, თუ ისინი ერთმანეთს გაესაუბრებიან, ჩვენ კი დავავიწროებთ მათ შორის არსებულ სადავო საკითხებს და შემდეგ ვიპოვით კომპრომისებსა და შემოქმედებით გადაწყვეტილებებს თითოეული მათი პრობლემის გადასაჭრელად. თუ ამას ფიზიკურად მივაღწევთ, და ვფიქრობ, იმედია, მალე გვექნება კარგი ახალი ამბები, თუ ამას ფიზიკურად მივაღწევთ, ჩემი აზრით, გვაქვს დიდი შანსი ამ კონფლიქტის დასასრულებლად“, – განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მთავარი სადავო საკითხები დაყვანილია ხუთ რეგიონამდე.

„რუსეთი აკონტროლებს, დიდწილად აკონტროლებს ამ რეგიონებიდან ორს. უკრაინელებს აქვთ გარკვეული ხარისხის კონტროლი სხვა სამ რეგიონზე, ასე რომ, საქმე ეხება იმას, თუ როგორ შევაფასებთ — არსებობს განსხვავებული პოზიცია, თუ სად გადის ბრძოლის ხაზები, სად არიან ჯარები და სად გადის ადმინისტრაციული ხაზები. ორივე მხარესთან არაფორმალურ საუბარში ვართ. გვსურს, პირდაპირი მოლაპარაკებების მაგიდასთან პირდაპირი კონტაქტი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას დათანხმდებით, რუსეთს ვეკითხებით, ამ ზოგიერთ რეგიონში. დაიხევდით უკან გარკვეული ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა? იგივე კითხვებია უკრაინელებთანაც. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს ამ დისკუსიაში დიდი ადგილი უჭირავს, რადგან ის გარკვეულწილად „გვირგვინის მარგალიტია“ და ამჟამად დახურულია, მაგრამ საჭიროა მისი გახსნა, რადგან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას აწვდის უკრაინის ზოგიერთ ქალაქს. ასეთი საკითხებია. როგორ მიიღებს უკრაინა წვდომას ზღვაზე და როგორ გაიტანს თავის საქონელს ბაზარზე? მაგრამ ვფიქრობ, პრობლემის ნაწილი ის იყო, რომ ვერ შევძელით ორივე მხარის მაგიდასთან მიყვანა“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

1tv.ge