უკრაინის მიერ ჩინური კომპანია Geely-ის ომის სპონსორად გამოცხადებამ პრობლემები შეუქმნა მის შვილობილ კომპანია Volvo Cars-ს. ამის შესახებ შვედური მედია Dagens industri წერს. კომპანიის აქციონერები და მომხმარებლები ახლა რეაგირების გზებზე ფიქრობენ.
უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ, შვედეთის თავდაცვის სამინისტრო და გოტებურგის ადმინისტრაცია სადაც ვოლვოს სათავო ოფისია განთავსებული, უმსხვილეს შვედურ ავტომწარმოებლისთვის ბოიკოტის გამოცხადებამ დააფიქრა.
„ეს არის ეროვნული საკითხი, რომელიც ეხება უწყებებისა და ორგანიზაციების უმეტესობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის სახელმწიფო დონეზე ერთად იყოს შესწავლილი. უწყებებს შორის პირველი კონტაქტები უკვე შედგა,“- განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ტისეტერმა.
ჩინური Geely-ით უკმაყოფილოები არიან Volvo Group-ის აქციონერებიც, სადაც ჩინური Geely აქციების შთამბეჭდავ პაკეტს ფლობს.
„სამწუხარო და აზრს მოკლებულია, რომ Geely არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განუცხადა გამოცემას ანდერს ოსკარსონმა, AMF საპენსიო ფონდის სპიკერმა (Volvo Group-ის სიდიდით მესამე აქციონერი 5.4%).
Volvo Group ეწევა სატვირთო მანქანების, ავტობუსების, სამშენებლო ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციას. სამგზავრო მანქანების წარმოებას ახორციელებს Volvo Cars, რომელიც იყო Volvo Group-ის ნაწილი 1999 წლამდე, სანამ ის Ford-ს მიჰყიდა. Volvo Cars 2010 წლიდან Geely-ს ეკუთვნის. ორივე Volvo Group და Volvo Cars იყენებენ ერთსა და იმავე Volvo-ს ლოგოს.
Geely ფლობს Volvo Group-ის 16%-ს და Volvo Cars-ის 82%-ს.
„ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია. ომი უსამართლოა. ამავდროულად, Volvo Cars-ს ჰყავს მფლობელი, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი, რომელიც გამყარებულია ჩინეთის სახელმწიფოს თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ Geely-ს არ აქვს გეგმა რუსეთში საქმიანობის შეკვეცასთან დაკავშირებით,“- დასძინა მან.
ოსკარსონი ვარაუდობს, რომ რომ Geely-ის გამო Volvo შეიძლება მანქანების რეალიზაციის სირთულის წინაშე აღმოჩნდეს.
23 ივნისს უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ჩინური Geely ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა იმის გამო, რომ კომპანია აგრძელებს გადასახადების გადახდას რუსეთის ბიუჯეტში და, შესაბამისად, აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ.