26 აპრილს, ჩინეთის სამხედრო საზოგადოებრივმა მაუწყებლმა, CCTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე თვეში ჩინეთის სანაპირო დაცვამ ქვიშიანი კუნძულზე, სენდი ქიზე კონტროლი დაამყარა.

CCTV-ის ცნობით, სანაპირო დაცვის ოფიცრებმა გაშალეს ჩინეთის დროშა, რათა გამოეცხადებინათ სუვერენიტეტი სენდი ქის კუნძულზე, რომელიც სპრატლის კუნძულების არქიპელაგში შედის.

Financial Times წერს, რომ ეს ნაბიჯი ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როდესაც პეკინმა - რომელიც სუვერენიტეტს თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე აცხადებს - აქამდე დაუსახლებელ მიწის ნაწილზე ჩინური დროშის გაშლა ოფიციალურად გამოაცხადა.

FT აღნიშნავს, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ფილიპინები და აშშ ყველაზე მასშტაბურ ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს, Balikatan-ს, ატარებენ, რომლებიც სანაპირო დაცვისა და კუნძულების დაკავების სწავლებებს მოიცავს. წვრთნები ფილიპინების იმ ტერიტორიაზე გაიმართება, რომელიც სპრატლის კუნძულებთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

FT-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სენდი ქი მხოლოდ დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ზომის ქვიშიანი კუნძულია, მას ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან საერთაშორისო სამართალი მას კუნძულის გარშემო 12 საზღვაო მილის რადიუსის კონტროლის უფლებას ანიჭებს. ამ რადიუსში ექცევა ფილიპინების მიერ კონტროლირებული თიტუს კუნძული, საიდანაც ფილიპინები რეგიონში ჩინეთის გადაადგილებებს აკვირდებიან.

FT აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჩინეთი სენდი ქიზე მუდმივი განლაგებას აპირებს ან რაიმე მშენებლობა წამოიწყო. 26 აპრილს, ფილიპინელმა საზღვაო უსაფრთხოების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დროშის გაშლის შემდეგ ჩინეთის სანაპირო დაცვა ტერიტორიიდან წავიდა.

წყარო: tabula.ge