ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთი შეინარჩუნებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანა ცდილობს საკითხის პოლიტიკურად მოგვარების გზები იპოვოს.  - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "როიტერსი" ავრცელებს.

 ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ჩინეთი იქნება „ობიექტური და რაციონალური ხმა“ ნებისმიერ საერთაშორისო მრავალმხრივ ფორუმზე და აქტიურად შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ დაეხმარა „საერთაშორისო კონსენსუსის კონსოლიდაციას“.

საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებში 40-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ჩინეთი, ინდოეთი და აშშ. პეკინმა უარი თქვა მოსკოვის დაგმობაზე უკრაინაში შეჭრის გამო, თუმცა მონაწილეებს საკუთარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.