ბრწყინვალება და საბჭოთა ნოსტალგია: რუსეთი „ევროვიზიის“ კონკურენტ კონკურსს აახლებს

23 ქვეყნის არტისტების სცენაზე გამოყვანით, მილიარდზე მეტი მაყურებლის იმედითა და ხაზგასმული პომპეზურობით, შაბათს რუსეთი „ინტერვიზიას“ მასპინძლობს - სიმღერის კონკურსს, რომელსაც მოსკოვი „ევროვიზიის“ კონკურენტად წარმოაჩენს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო „ევროვიზიიდან“ გარიცხეს, მოსკოვი ახალი კულტურული და პოლიტიკური ალიანსების ძიებაშია. ამ ფონზე ბრუნდება „ინტერვიზია“, რომელიც, თავდაპირველად, საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტი სახელმწიფოებისთვის განკუთვნილი ფესტივალი იყო. ბრუნდება, როგორც ანტიდასავლური ნარატივებითაა დატვირთული რბილი ძალის ინსტრუმენტი. რუსეთის ისეთი ტრადიციული მოკავშირეები, როგორებიც არიან ბრაზილია, ინდოეთი და ჩინეთი, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, უზბეკეთი და ყაზახეთი, ამ სანახაობაში მონაწილეობის მისაღებად, მოსკოვში თავიანთ არტისტებს აგზავნიან. ღონისძიების რეკლამირება მოსკოვის ცენტრში ინსტალაციებით ხდება. წარმომადგენელი აშშ-საც ეყოლება. ეს იქნება ავსტრალიელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი, ვასილიკი კარაგეორგოსი, ცნობილი როგორც ვასი, რომელიც შაბათს ღამით აშშ-ის სახელით იმღერებს.

დასავლეთთან დაძაბულობის გაღვივებით კმაყოფილმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ნიუ იორკში, ტაიმს სკვერის გიგანტურ ეკრანზე „ინტერვიზიის“ რეკლამის ჩვენებისთვის, სოლიდური თანხა გადაიხადა.

„ტრადიციული ღირებულებები“

„ინტერვიზიის“ კონკურსი პირველად 1965 წელს, პრაღაში ჩატარდა, მაგრამ სამი წლის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიაში ანტისაბჭოთა აჯანყების გამო შეჩერდა. ის 1970-იან წლებში პოლონეთში აღდგა და ყოფილი კომუნისტური ბლოკის სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კონკურსის განახლების იდეა პირველად 2000-იან წლებში წამოაყენა. განახლებული „ინტერვიზია“ ახლა, როგორც არასდროს, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და კულტურული რბილი ძალის ხელშემწყობი მექანიზმია.

ორგანიზატორები კონკურსზე „ნამდვილი მუსიკის ზეიმის“ დაპირებას იძლევიან - ისეთისას, რომელიც ხელს უწყობს „ეროვნულ იდენტობას“ და ოფიციალურ რუსულ ნარატივებთან იქნება თანხვედრაში. წლებია, რუსეთის პროსახელისუფლებო წრეები აკრიტიკებენ, მათი თქმით, „დეკადენტურ“ დასავლეთს, რომელმაც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. რუსი ოფიციალური პირები „ინტერვიზიას“ „ევროვიზიის“ ანტიდოტად წარმოაჩენენ. ავსტრიელი დრაგ-ქუინის, კონჩიტა ვურსტის 2014 წლის კონკურსში გამარჯვებაზე მინიშნებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის არ დავობს „ევროვიზიის ჟიურისა და მაყურებლის უფლებაზე, ხმა მისცენ წვერიან კაცს ქალის კაბაში“.

„გარანტიას გაძლევთ, რომ არანაირი გარყვნილება ან ადამიანური ბუნების შეურაცხყოფა არ იქნება“, - განაცხადა მან მიმდინარე წლის დასაწყისში. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთი „ტრადიციული ღირებულებების“ დამცველად წარმოაჩინა იმის ფონზე, რასაც ის დასავლეთის მორალურ „დეკადანსად“ მიიჩნევს, ლგბტქ პირთა თანასწორობის ჩათვლით. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის ბოლოს „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა, რაც ბუნდოვანი ტერმინოლოგიაა და ლგბტქ თემის წევრების ან უფლებადამცველებისთვის ხანგრძლივი პატიმრობის მისჯის შესაძლებლობას იძლევა.

მილიარდით მაყურებელი?

„ინტერვიზიის“ ხელახლა გაშვება ნიშნავს დასავლური გართობისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ტიპური ცივი ომის პერიოდის შეჯიბრებაში დაბრუნებას“, - განუცხადა „ფრანს პრესს“ ფრანგმა მკვლევარმა, სირილ ბრეტმა. ევროვიზიიდან გარიცხვის შემდეგ, რუსეთი „გავლენის პლატფორმებსა და არხებს“ ეძებს. ეს „ხელს უწყობს რუსული გავლენის ორიენტირების გადატანას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ევრაზიისა და გლობალური სამხრეთისკენ,“ – დასძინა მან. შაბათს, „პოდმოსკოვიეში“ დაგეგმილ ღონისძიებაზე, თითოეული არტისტი მშობლიურ ენაზე იმღერებს - „განსხვავებით ევროვიზიისგან, სადაც სიმღერების უმეტესობა ხშირად ინგლისურად სრულდება“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

მონაწილეებს შორის იქნებიან ყატარელი მომღერალი, დანა ალ მეერი და მადაგასკარული დუეტი, დენიზი და დი-ლეინი. რუსეთის წარმომადგენელი, პროკრემლისტური მომღერალი, შამანი, რომელიც ხშირად გამოდის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ პატრიოტულ კონცერტებზე, სცენაზე წარდგება თავისი ბალადით, სახელწოდებით „პირდაპირ გულში“ („Прямо в сердце“). ევროკავშირის ქვეყნებიდან კონკურსში არცერთი შემსრულებელი არ მონაწილეობს. ამის მიუხედავად, მოსკოვს კონკურსის შესაძლო დიდი გავლენის იმედი აქვს.

მონაწილე ქვეყნები წარმოადგენენ „4,334 მილიარდ ადამიანს, ანუ პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტს“, - განაცხადა კონკურსის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კრემლის მაღალჩინოსანმა და კონკურსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სერგეი კირიენკომ. კიდევ ერთი განსხვავება „ევროვიზიისგან“ - საყოველთაო ხმის მიცემა არ იქნება. გამარჯვებულს მხოლოდ საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

წყარო: 1 არხი