დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი არჩევნები ულტრამემარჯვენეებმა მოიგეს, რაც ლეიბორისტი პრემიერისთვის „იმედგაცრუებაა“

პარასკევს გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმამ“ (Reform UK) პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტულ პარტიას თემთა პალატაში ადგილი წაართვა, რამაც დიდი ბრიტანეთის პარტიულ ისტებლიშმენტს საგრძნობი დარტყმა მიაყენა. „რეფორმამ“, რომელსაც მიგრანტების წინააღმდეგ მებრძოლი ნაიჯელ ფარაჯი ხელმძღვანელობს, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, რანკორნისა და ჰელსბის შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ექვსი ხმით გაიმარჯვა და წარმატება სხვა რეგიონებშიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ფარაჯის ერთ-ერთი თანაპარტილი მერიც კი გახდა. „ეს რეგიონი ლეიბორისტული პარტიის გულია. აქ მათი ხმები ჩამოიშალა და მათი დიდი ნაწილი ჩვენ მოვიპოვეთ“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ფარაჯმა სტარმერის პირველ საარჩევნო მარცხზე მას შემდეგ, რაც ის გასული წლის ივლისში ქვეყნის პრემიერად დაინიშნა. „ეს აქარწყლებს მედიის ნარატივს, თითქოს, ჩვენ მხოლოდ კონსერვატორების წინააღმდეგ ვიბრძვით. ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ სულ სხვა პოლიტიკას ვატარებთ“, - დასძინა ბრექსიტის მხარდამჭერმა პოლიტიკოსმა.

ფარაჯის პარტიული გუნდის მაღალი შედეგი, რაც ლეიბორისტული პარტიისთვის ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ რეგიონში მძიმე დარტყმის მიყენებაში გამოიხატება, ადასტურებს გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოკვეთილ დინამიკას და ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებული სამეფო მრავალპარტიული პოლიტიკის ეპოქაში შედის. ლეიბორისტების პოლიტიკით უკმაყოფილო პენსიონერმა, კრისტოფერ დევისმა, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში „რეფორმას“ მისცა ხმა, სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ ამ არჩევნების შედეგი „გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს ქვეყნის ორივე მთავარი პარტიისთვის“. „მე არ ვიზიარებ ყველაფერს, რაზეც „რეფორმა “ საუბრობს, მაგრამ მას, უბრალოდ, სრული იმედგაცრუების გამო მივეცი ხმა“, - აღნიშნა 67 წლის ბრიტანელმა მამაკაცმა. ეს იყო პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც გასულ წელს სტარმერი პრემიერ-მინისტრი გახდა, დასუსტებული ოპოზიციური „კონსერვატიული პარტიის“ მართვის სადავეები კი კემი ბეიდინოკმა ჩაიბარა.

პრემიერმა ადგილობრივი არჩევნების შედეგს „იმედგამაცრუებელი“ უწოდა და საზოგადოებას დაპირდა, რომ ცვლილებების „უფრო სიღმისეულად და სწრაფად“ განახორციელებს.

პოლიტური ფრაგმენტაცია

„რეფორმამ“ ათეულობით ადგილი წაართვა საკრებულოებში როგორც ლეიბორისტებს, ასევე კონსერვატორებს, რითაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა ბრიტანეთის პოლიტიკურმა ლანდშაფტმა ფრაგმენტაციის ნიშნები გამოავლინა. მერის ექვსი პოსტისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში, „რეფორმამ“ დიდ ლინკოლნშირში გაიმარჯვა, ლეიბორისტებმა კი სამი სავარძელი მიიღეს. ლეიბორისტებმა ძლივს შეინარჩუნეს ნორთ-თანესაიდის მერის თანამდებობა, რადგან „რეფორმას“ ამომრჩეველთა 26-მა პროცენტმა მისცა ხმა. დიდი ლინკოლნშირის ახალი მერმა, ანდრეა ჯენკინსმა აღნიშნა, რომ „ბრძოლა დიადი ქვეყნის გულისა და სულის გადასარჩენად უკვე დაწყებულია“. „ახლა, როდესაც „რეფორმა“ ხელისუფლების სათავეებთან დგას, ჩვენ შეგვიძლია, დიდი ბრიტანეთის ძლიერების აღდგენა ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ“, - განაცხადა მან.

პარასკევს გმართულ არჩევნებში პარტია „რეფორმის“ გამარჯვებამ მისი საპარლამენტო მანდატების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა, რაც ულტრამემარჯვენე პარტიისთვის 650-მანდატიან თემთა პალატაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამ არჩევნების დროს, ბრიტანეთის 23 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მხოლოდ 1 641 მანდატი „გათამაშდა“ (ქვეყანის მასშტაბით, ადგილობრივ ხელისუფლებაში სულ 17 ათასი წევრია). მისმა პირველადმა შედეგებმა ცხადყო, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ნაჩვენები მაღალი მაჩვენებელი „რეფორმამ“ არჩევნების რეალურ შედეგებშიც ასახა. „შედეგები ადასტურებს, რომ ლეიბორისტული მთავრობა საკმაოდ არაპოპულარულია, - განუცხადა ანალიტიკოსმა ანანდ მენონმა „ფრანს პრესს, - მეორე მომენტი კი ის არის, რომ ამომრჩეველი არც კონსერვატორებს ენდობა. ასე რომ ეს ფაქტორები ცუდი სიახლეა ორივე დიდი პარტიისთვის“.

მისი ვარაუდით, ამ არჩევნების შემდეგ „რეფორმა“ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ლეიბორისტებს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პარტიას. ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ პარასკევს გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ცენტრისტული „ლიბერალ-დემოკრატები“ და მემარცხენე „მწვანეებიც“ მიაღწევდნენ წარმატებას, რადგან გამოკითხვების თანახმად, სუსტი ეკონომიკური ზრდის, არალეგალური მიგრაციის მაღალი დონისა და სამთავრობო სამსახურების შესუსტების გამო, ბრიტანელები სულ უფრო მეტად გამოხატავენ იმედგაცრუებას სახელისუფლებო ძალების მიმართ. „რეფორმა“, რომელმაც პირობა დადო, რომ „არალეგალური მიგრანტების ნაკადს შეაჩერებს“, იმედოვნებს, რომ მერის არჩევნებში გამარჯვება და საკრებულოებში მანდატების მოპოვება დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი აქტივობა მომდევნო საყოველთაო არჩევნებამდე, რომელიც, სავარაუდოდ, 2029 წელს ჩატარდება.

„რეფორმისკენ“ სვლა

გასული წლის ივლისში ლეობორისტულმა პარტიამ ხმათა მხოლოდ 33.7% მიიღო, რაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ნებისმიერი პარტიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. კონსერვატორებმა, რომლებიც 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ჩამოსცილდნენ ხელისუფლბას, 24 პროცენტი მოიპოვეს და პარლამენტში 121 ადგილი მიიღეს, ლიბერალ-დემოკრატებს 72 მანდატი ერგოთ, ხოლო პარტია „რეფორმას“ - ხუთი. რანკორნისა და ჰელსბის ოლქებში არჩევნების გამართვა იმან განაპირობა, რაც მოქმედი ლეიბორისტი დეპუტატი, მაიკ ამესბერი ქუჩაში კაცის ცემისთვის დაისაჯა. დილის 6:00 საათზე არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ „რეფორმის“ წარმომადგენელმა, სარა პოჩინმა 12 645 ხმა მიიღო, ლეიბორისტების კანდიდატმა კარენ შორმა კი - 12 639.

არადა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში, ლეიბორისტულმა პარტიას ამ რეგიონში ხმების 53 პროცენტი ჰქონდა მიღებული, ხოლო „რეფორმას“ - მხოლოდ 18 პროცენტი. ასე რომ, ერთი წელიწადზე ნაკლებ დროში, „რეფორმამ“ 35-პროცენტიანი სხვაობის გაბათილება მოახერხა. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, ეს შედეგი აჩვენებს, რომ ლეიბორისტებმა „კურსი უნდა შეცვალონ“. „საყოველთაო არჩევნებიდან გასული პირველი 10 თვე საკმარისად კარგი არ იყო... თუ ჩვენ ხალხის ცხოვრების დონეს არ გავაუმჯობესებთ, მაშინ შემდეგი მთავრობა ულტრამემარჯვენე იქნება“, - დაწერა ბრიტანელმა კანონმდებელმა, ბრაიან ლეიშმანმა „იქს“ პლატფორმაზე.

წყარო: 1tv.ge